გადაცემა „ფარული კონვერტი“ მომღერალ ირაკლი ნოზაძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი ნოზაძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო, გადაცემის ადმინისტრაცია მას მოგებული თანხა არ გადაუხადა:
„როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია. ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის პროექტ ფარულ კონვერტში 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო. სალომე ზურაბიუშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა - ფული სალომემ გადაგიხადოსო! ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა. ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2-ელებმა გაინაწილონ"- დაწერა ირაკლი ნოზაძემ, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი მისი კედლიდან გაქრა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა გადაცემა „ფარული კონვერტი“:
„ადაცემის „ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ერთ-ერთი სტუმარი იყო ქუჩის ბიჭი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. მომღერალმა ნამდვილად მოიგო 5900 ლარი, რომელიც გადაცემის გასვლიდან ორ კვირაში ჩაერიცხებოდა(კონტრაქტის მიხედვით ასეა). გადაცემა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიწერა, მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, „ფარული კონვერტის“ ნაცვლად ორშაბათ საღამოს გადიოდა პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანი“, გადაცემა ამ ეტაპამდე ეთერში არ გასულა. ამის შესახებ თავად ირაკლი ინფორმირებული იყო. ის რუსთავი 2-ის ეთერში მაინც გავიდოდა მიუხედავად იმისა, რომ პიკასომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდამჭერი გახდა.
მას შემდეგ რაც ის სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული მომღერალი გახდა, ჩვენი ვარაუდით მან გადაწყვიტა რომ მეტი ქულები დაეწერა თავისი რჩეული პოლიტიკური გუნდისთვის და სტატუსად დაწერა სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, რომ თითქოს მას გადაცემის პროდიუსერი ეკა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოგებული თანხა სალომე ზურაბიშვილმა გადაუხადოს და ის ნიკა გვარამიამ დაბლოკა. მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა, გადაცემა მისი მომნაწილეობით სატელევიზო ბადეში იჯდა და უახლოეს ორშაბათს აუცილებლად გავიდოდა.აგრეთვე გვინდა აღვნიშნოთ რომ რამდენიმე გადაცემის წინ გადაცემა "ფარული კონვერტის" სტუმარი იყო მსახიობი გიორგი გურგულია,რომელიც ასევე მონაწილებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში.
გადაცემა "ფარული კონვერტის" გუნდი არასდროს არჩევს სტუმარს მისი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით.“- ნათქვამია გადაცემის ფეისბუკგვერდზე.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა გადაცემის წამყვანი ია ფარულავაც:
„ძალიან არასასიამოვნო ფაქტია თუ ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდის საჯაროდ- არც გადაცემა გავა ეთერში და არც ფულს არ მიიღებს ....ბასტა !“- დაწერა ია ფარულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






