რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში გრძელდება. შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს, რის გამოც ადგილზე ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობებში დამნაშავეები არ დაისჯებიან.
„ჩვენ შევეცდებით, ყველა ძალა, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რავ გაგვაჩნია, რაც ხალხს გააჩნია, რომ მივმართოთ ყველას, რომ სარალიძე იქნას გათავისუფლებული. დღეიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, აქციები გაგრძელდება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ:
„მთელი ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვხედავთ, რომ შვილმკვდარი მამები ქუჩაში დგანან უკიდურესად მძიმე პირობებში და გუშინ დავინახეთ განვითარებული მოვლენები, არსებითად შსს-ს უკანონო და თვითნებური პრაქტიკა იყო ის, რამაც გამოიწვია ძალადობის ესკალაცია,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






