შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გორში მოკლული 8 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, შსს შეგნებულად არ ასაჯაროებს აღნიშნული საქმის იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე უკვე გაასაჯაროვა.
„გულწრფელად მინდა, გითხრათ, შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრის მხრიდან.
უმორჩილესად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და ვინც ამ ფაქტებს აშუქებს, ასევე ვინ რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავის შეიკაონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, ოჯახი დააზიანოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
გოგონას ოჯახი გუშინ დილიდან ეძებდა. ცხედარი გვიან ღამით გორის რაიონის სასამართლოს ეზოში იპოვეს. ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცის კუთვნილი მობილურ ტელეფონში მოკლული გოგონას რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა.
მათივე თქმით, ნანიკო ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






