საქართველოს ყოფილი-პრემიერ მინისტრის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სამი ტელეკომპანიის სამ ჟურნალისტთან, დღეს განხილვის საგანია.
ბიძინა ივანიშვილის მწვავე განცხადებები, განსაკუთრებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ კრიტიკის საგანი გახდა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის სისტემის შენარჩუნება, რადგან ის ხედავს გარკვეულ საშიშროებას სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით:
„მე ვფიქრობ, რომ მისი ამოცანა არის სისტემის შენარჩუნება, მას არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ ულაპარაკია, არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგზე, როგორც ჩანს ის ხედავს გარკვეულ საშიშროებას სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად მოგვევლინა, როგორც სისტემის ერთი რიგითი ადვოკატი. რამდენად კარგი ადვოკატი იყო სისტემის, ეს უკვე კლიენტის შესაფასებელია. სამწუხაროა, რომ მას უკვე აღარ აინტერესებს ადამიანების პატივისცემა, რაზეც იდგა მთელი მისი წინა ცხოვრება და უფრო პოზიციონირებს, როგორც ძალის ცენტრი და არა როგორც ლიდერი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში რამე შეცვალოს“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
ექსპერტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გრძელი უფასო რეკლამა გაუკეთა:
„ეს იყო მსოფლიოში ყველაზე გრძელი უფასო რეკლამა ტელევიზიის, საათ-ნახევარი ფაქტობრივად ის არეკლამებდა რუსთავი 2-ს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტელევიზიისთვის გინება ისეთივე სასარგებლოა, როგორც ქება. უფრო სწორად ქებაზე მეტად სასარგებლო არის კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან“, - განმარტავს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






