სკანდალური ფარული ჩანაწერი - „ომეგას საქმეზე“ დღეს გავრცელებულ მორიგ ვიდეო-აუდიო ჩანაწერში, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან არსებულ ინციდენტზე საუბრობს.
ფარულ ჩანაწერებზე კომენტარები მმართველი გუნდის რიგებში კეთდება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, საზოგადოება დაბნეულია.
„არჩევნების შემდეგ, არა საარჩევნო მიზნებისთვის დადგმული სპექტაკლებიდან, არამედ რეალობიდან გამომდინარე, უნდა დაისვას ყველა, მათ შორის, უკიდურესად კრიტიკული კითხვა და თუ კი ერთი პროცენტი მაინც, ამ ჩანაწერებში, ამ სპექტაკლებში, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ენმ გვთავაზობს არის, ამ შემთხვევაში ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს, თუნდაც იყოს ფარცხალაძე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფარული ჩანაწერების გაკეთების და გავრცელების გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
„მიმაჩნია, რომ საჭირო არის საგამოძიებო ორგანოებმა ობიექტურად, სრულყოფილად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე იმუშაონ. რაც შეეხება, შინაარს, არ შევალ, დარჩა კიდევ რამდენიმე დღე, მოთმინება უნდა ვიქონიოთ ყველამ და ამ ფარული ჩანაწერების და ფარული ჩანაწერებით ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, ეს ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






