პარლამენტის ცალკეული წევრების მიერ პატიმრების მონახულებასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა.
როგორც სააგენტოსთვის მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, ვიქტორ ჯაფარიძემ სპეციალური ნებართვის გარეშე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის მონახულების უფლებით 21 ივლისს, შაბათს და 14 ოქტომბერს, კვირა დღეს ისარგებლა.
ორივე შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულია, რომ ჯაფარიძე სუბელიანს მისი პირობებისა და მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეხვდა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ვიცე სპიკერის მიერ, 2017 წელს და 2018 წლის იანვრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრების მონახულების 100 ბრძანებაა გაცემული, თუმცა ვიქტორ ჯაფარიძის აღნიშნული ორი შემთხვევის გარდა, ყველა სხვა დეპუტატი კონკრეტული პატიმრის მოსანახულებლად სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი 2018 წლის 22 ივლისს, კვირა დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები შევიდნენ, თუმცა არა ბრალდებულების მოსანახულებლად, არამედ კომისიის ფარგლებში, დაკავებულების გამოსაკითხად.
მასალის გამოყენების პირობები






