პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი პროვოკაციული სურვილით მიმდინარეობს, მათი მიზანია ქვეყანაში ქაოტურობის განცდა შექმნან.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ფიქრობს, რომ საწადელს არეულობით მიაღწევს.
„ვხედავთ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, ძალიან აშკარა ხელწერით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს პროვოკაციული სურვილით და მათი სასურველი მიზნით, რომ ქვეყანაში რაღაც ქაოტურობის განცდა შექმნან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების და ფიქრობს, რომ მხოლოდ არეულობით შეიძლება, საწადელს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ ყველა ინსტიტუტი, ყველა უწყება, ყველა სამსახური, ჩვენ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდ გარემოში, რაც შეიძლება თავისუფალ გარემოში, პროვოკაციების თავიდან აცილების გზით, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევანი ყველა მოქალაქისთვის. ვისაც ბოროტი განზრახვა აქვს თავში, სჯობს, დაივიწყოს, არ გამოვა ეს ამბავი. მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






