დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერი მთავრობის სხდომას მოიწვევს თუკი მას პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი.
თავისი არგუმენტები აქვს მარგველაშვილის გუნდსაც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრემიერს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს საჯაროდ მიმართა.
მართლაც, პრეზიდენტმა პრემიერს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის წინადადებით გუშინ საგანგებო ბრიფინგის დროს მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაზეც მმართველმა გუნდმა უნდა იმსჯელოს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ეძებს თუ არა მამუკა ბახტაძე საბაბს და რამდენად ადეკვატურია მთავრობის კანცელარიაში გაკეთებული განცხადება - ამის გარკვევას "ნიუპოსტი" კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან შეეცადა.
ექსპერტი ამბობს, რომ მთავრობა ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას ცდილობს.
"მთავრობას მართებს დაფიქრება იმაზე, თუ რას ამბობს, რადგან სახიფათო და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. თუ ამ ლოგიკას მივყვებით აღმოვაჩენთ, რომ შევარდნაძე გადამდგარი არ არის, ანუ მთავრობა ამ განცხადებებით გვიმტკიცებს, რომ ისევ შევარდნაძის ეპოქაში ვცხოვრობთ. ამ გადმოსახედიდან, შეიძლება რაღაცით იმ ეპოქას ვგავართ... მაშინაც საჯაროდ გააკეთა ქვეყნის მეთაურმა გადადგომის შესახებ განცხადება, მას წერილობითი განცხადება ხომ არ დაუწერია?!
სერიოზულად თუკი იმსჯელებს მთავრობა, მაშინ ერთი რამ უნდა გაიხსენოს. სახელმწიფო მეთაურის საჯარო განცხადებებს ქვეყნის შიგნით კიარა, საერთაშორისო ურთიერთობებში მოსდევს სამართლებრივი შედეგი. ეს საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული პრაქტიკაა. ამის საფუძველზე 70-იან წლებში ე.წ. ატომური გამოცდების საქმითაა ცნობილი და რომლის შესახებაც საერთაშორისო ტრიბუნალს აქვს მიღებული გადაწყვეტილება. საფრანგეთის პრეზიდენტმა საჯარო განცხადებამ, რომ შეწყვეტდა ატომურ გამოცდებს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიმართ, სამართლებრივი შედეგი მოჰყვა და ატომური ცდები სასამართლოს ძალით შედეგად შეჩერდა. ამ ფონზე კი ჩვენ, ქვეყნის შიგნით შევარდნაძის რეანიმაციას ვეწევით და ვმუშაობთ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმატის შექმნაზე. ეს არ არის სწორი და გონივრული. მსჯელობას წინ რა უდგას. თუმცა ქართული ოცნება პარტიული ინტერესიდან გამოდის, რაც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს"- აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






