კილაძის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ საგამოძიებო ორგანოებს კონკრეტული პირები დაესაჯა და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე ესაუბრა, საქმის ჭრა-კერვითაა დაკავებული.
"საქმე გვაქვს ძალიან მარტივ რამესთან, მირზა სუბელიანმა ვიქტორ ჯაფარიძესთან და ჯანდაცვის ერთ-ერთ თანამშრომელთან გააჟღერა ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერებული იყო ხელისუფლების მისამართით, რომ მათ დაენახათ მისი დამსახურებები "ქართული ოცნების" წინაშე და მისთვის მიცემული დაპირებები შეესრულებინა. ეს ჩანაწერები აღმოჩნდა რუსთავი 2 - ის ხელში და პროკურატურამ საქმის შეკერვა დაიწყო. ეს საქმე უკვე თეთრი ძაფებითაც კი არ არის შეკერილი, მგონი ძაფი საერთოდ არ აქვს.
რას გვეუბნებიან? - ციხის თანამშრომელმა, ვინმე ი.პ. -მ ჩაწერა ეს შეხვედრები, მას შემდეგ, რაც მისთვის უცნობი პირი შეხვდა და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით დაემუქრა, რის შემდეგაც თურმე ამ ადამიანმა ის გადასცა და გაავრცელა სავარაუდოდ რუსთავი 2 -ში. მე მაინტერესებს, რატომ არ არის დაკავებული ის პირი, ვინც ეს შეხვედრა ჩაწერა, რატომ არ არის გადაყენებული გლდანის ციხის ხელმძღვანელი, რომელმაც უცხო პირი, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი შეუშვა პაემანზე მირზა სუბელიანთან. რატომ არ დგება იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ციხეები ფაქტობრივად ჩამოშლილია. და ასევე რატომ არ არის დაწყებული გამოძიება ჩანაწერში გაჟღერებული დანაშაულებების - ადამიანების წამება, გატაცება, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა და სხვა გამოძიება დაწყებული. რატომ არაფერს გვეუბნებიან?! ამის მაგივრად დაკავებულები არიან იმის მტკიცებით, რომ თურმე ამ ქვეყანაში ნიკა გვარამია ყოფილა პრეზიდენტი, პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და მისი ორგანიზებით ხდებოდა თურმე, მირზა სუბელიანის პროვოცირება, დადგმული საუბრების ჩაწერა და ასე შემდეგ. დავიღალეთ მეგობრებო, ვინმე ჭკვიანი სცენარისტი იპოვეთ პროკურატურაში. ძალიან სასაცილო გახდა პროკურატურის ქმედებები"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






