„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნი, მირზა სუბელიანი, პირადად ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებებს შემსრულებელი იყო, ამიტომ სარგებლობდა ის ხელშეუხებლობით.
ზოდელავას თქმით, სუბელიანი სინდიკატის რიგებში ირიცხებოდა, და მაღალჩინოსნებზე ბევრი კომპრომატი აქვს, ამიტომ ოპოზიციონერს არ უკვირს, რომ მმართველი გუნდი მისი "გაპრავებით" არის დაკავებული.
"საზოგადოებას ალბათ ახსოვს, ჩემს მიერ ტელეეთერით გაკეთებული განცხადებები, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ეს ადამიანი, რის გამოც მას ასე თავგამოდებით მფარველობდნენ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ფარცხალაძე არ მფარველობდა მხოლოდ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, მაგალითად სოზარ სუბარს, ოთარ ფარცხალაძეს, არამედ მას შეუძლია ამხილოს ყველა ძირითადი მოთამაშე, რომლებიც უშუალოდ ივანიშვილის დაქვემდებარებაში არიან, თვით ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით.
როდესაც ისინი, აფარებენ ხელს სუბელიანს, ისინი მფარველობენ ოთარ ფარცხალაძეს, სოზარ სუბარს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დავალებების გამცემი იყო და რა თქმა უნდა, მფარველობენ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს. სუბელიანი ხელშეუხებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, ის ამ სინდიკატის წევრი იყო და ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებებსაც. სუბელიანს შეუძლია ამხილოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც. ის, რაც ჩვენ ჩანაწერებიდან გავიგეთ, რამდენიმე თვის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ვისაუბრე და ამ სინდიკატის სქემა გავშიფრე. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც კარგად იციან, სუბელიანისთვის დავალებული შავ-ბნელი საქმეების შესახებ, ახლა შეეცდებიან, გაპრავონ ეს ვითარება"- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება 28 ოქტომბრის არჩევნებს წააგებს.
"პოლიტიკაზე გავლენას ახდენს მიზერული მოვლენებიც კი და მითუმეტეს არჩევნების შედეგებზე იმოქმედებს ის სკანდალური ინფორმაცია, რომელიც გუშინ გამოაშკარავდა. ეს იყო ბოლო ფაზა და და ფარდა, რომელიც ხელისუფლებას აეხადა და გამოაშკარავდა ის თუ რა ჭაობშია ქვეყანა"- თქვა ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






