არსებობს თუ არა უპირობო სიყვარული? როდესაც ბრიტანელი ჩარიტი ლის ვაჟმა პარისმა თავისი პატარა და ელლა მოკლა, ოჯახის ცხოვრება კარდინლურად შეიცვალა, თუმცა, ჩარიტი კვლავ თავს ვაჟიშვილის დედად თვლის და იგი უყვარს. ბიჭი ამ დროს 13 წლის იყო. მან ციხეში უკვე გაატარა 11 წელი და სავარაუდოდ საპატიმროს მანამდე ვერ დატოვებს, სანამ 50-ის არ გახდება. იგი რომ სრულწლოვანი ყოფილიყო, მისთვის შეიძლება უმაღლესი სასჯელი - სიკვდილით დასჯა მიესაჯათ
ჩარიტის ვაჟის დიაგნოზი - სოციოპათიაა, რასთან შეგუებაც დედამ 3 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. სოციოპათები სრულად უარყოფენ საზოგადოების ცხოვრების წესებსა და ნორმებს, მათ ფიზიოლოგიურად არ გააჩნიათ მონანიების უნარი. ხშირად ისინი ნარცისზმითაც არიან შეპყრობილი, რის გამოც მათი საქციელი და საუბარი ხშირად აბსოლუტურად აუტანელია.
თავად ჩარიტის მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როდესაც ის 6 წლის იყო, დედამ საკუთარ სახლში მოძალადე მამა იარაღით მოკლა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა კარგად სწავლობდა, მას ფსიქიკური პრობლემებიც აღენიშნებოდა. თინეიჯერობის ასაკში იგი ნარკოტიკებს მიეძალა, თუმცა, 20 წლისთვის იგი განიკურნა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა, ადამიანის ეკოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა ნარკოტიკებმა თავისი კვალი მაინც დატოვეს. იგი უნივერსიტეტში თავს ხშირად განადგურებულად გრძნობდა, რადგან კვლავ უახლდებოდა ბავშვობაში განცდილი ტკივილი, რის გამოც დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება.
თუმცა მალე მან პარტნიორი გაიჩინა და დაფეხმძიმდა კიდევაც. ვაჟს ძველბერძნული მითოლოგიის გმირის სახელი - პარისი დაარქვეს. სწორედ პარისმა დაავიწყა მას ძველი ტკივილები. 9 წლის შემდეგ მას მეორე შვილი ელა გაუჩნდა.
და-ძმას განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ - პარისი გულჩათხრობილი და მორცხვი იყო, ხოლო ელა აქტიური და მტკიცე ხასიათის. თავიდან და-ძმას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დედა ვაჟს ვერანაირ პრობლემას ვერ ამჩნევდა. მისი გულჩათხრობილობაც არ იწვევდა მასში არანაირ ეჭვს.
თუმცა, მოულოდნელად, ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც პარისი 12 წლის იყო, ჩარიტი კოკაინდამოკიდებული გახდა. ამ პერიოდში იგი შვილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რა დროსაც პარისი ელაზე თავად ზრუნავდა. მისთვის აუხსნელი იყო დედის ასეთი საქციელი. მეტიც, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ დედას პატარა ელას მოფერება სურდა, პარისი საშინლად ღიზიანდებოდა და ბრაზდებოდა.
ამავე დროს, ჩარიტის დედის სახლში მოხდა ინციდენტი, რამაც პარისი სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა.
პარისი და ელა მეზობლის გოგონას ეთამაშებოდნენ და მასთნ ჩხუბი მოუვიდათ. სანამ დედა გოგონებს აწყნარებდა, პარისმა სამზარეულოდან დანა აიღო და სადღაც გაიქცა. როდესაც ბიჭი იპოვეს იგი ხმამაღლა ღრიალებდა და დანას გააფთრებით იქნევდა, ხოლო დედას განუცხადა, რომ თავს რაღაცას დაუშავებდა, თუ იგი მას მიუახლოვდებოდა.
პარისმა საავადმყოფოში ერთი კვირა გაატარა, თუმცა არავის უთქვამს დედისთვის, რომ მას რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდა. დედამ პარისის გაცოფება მომხდარ ჩხუბს და საკუთარ ნარკოდამოკიდებულებისადმი უარყოფით რეაქციას დააბრალა. მალე ჩარიტიმ ნარკოტიკებს საბოლოოდ დაანება თავი. ეს 2006 წელს მოხდა. იგი კვლავ დაუბრუნდა თავის საქმიანობას და პარალელურად ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. თუმცა, ოჯახში აშკარად დაძაბული ატმოსფერო იყო, მაგრამ ეს ხომ ხშირად ხდება იქ, სადაც ბავშვები მშობლებით უკმაყოფილო არიან...
აი როგორ იხსენებს ჩარიტი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მომხდარი ტრაგედიის დღეს:
"ძიძა მოვიდა და მე ბავშვებს გამოვემშვიდობე. რესტორანში უნდა წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ელა დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული გოგონა იყო, მან რამდენჯერმე მთხოვა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის. ეს მან იმდენჯერ გაიმეორა, რომ იძულებული გავხდი გარკვეული ხნით სახლში დავრჩენილიყავი, სამსახურშიც კი დავიგვიანე. მე პარისსაც მოვეხვიე და ვუთხარი, რომ მე ის მიყვარს.
შუაღამის შემდეგ, როდესაც რესტორანს ვკეტავდით, მოულოდნელად პოლიცია მოვიდა და მითხრა, რომ ელა დაჭრილია. მათ სახლისკენ წამიყვანეს, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია და პოლიციას ჩხუბი დავუწყე, რატომ არ წაიყვანეს გოგონა საავადმყოფოში. ამის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ ეთქვათ რომ ელა მოკლულია".
ქალმა გონება დაკარგა. როდესაც იგი მოასულიერეს მან პარისი მოიკითხა, რაზეც ოფიცერმა უპასუხა, რომ მისი ვაჟი დის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციაშია გადაყვანილი.
"იმ წუთიდან ჩემთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მე მინდოდა მოვმკვდარიყავი, თავი მომეკლა, მაგრამ პარისის გამო ეს ვერ შევძელი," - ამბობს ქალი.
მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. პარისმა ძიძა დაარწმუნა, რომ სახლში წასულიყო, შევიდა დის საძინებელში გაარტყა მას და სამზარეულოს დანით 17 ჭრილობა მიაყენა. შემდეგ მეგობარ ბიჭს დაურეკა და 6 წუთი ელაპარაკა. საუბრის დასრულების შემდეგ მან 911-ში დარეკა.
პარისმა პოლიციას განუცხადა, რომ ძიძის წასვლის შემდეგ ისინი დასძინებლად დაწვნენ. შემდეგ მას მოულოდნელად გაეღვიძა და დაინახა, რომ "ელა ცეცხლოვან დემონად გადაიქცა". მან აიღო დანა და დემონი მოკლა.
მეორე დღეს ჩარიტი ვაჟთან მიიყვანეს, იგი ბიჭს მოეხვია, თუმცა პასუხად მისი სიცივე იგრძნო. "შენ ამბობდი, რომ თუ შენს შვილებს ვინმე რაიმე ზიანს მიაყენებდა, შენ მას მოკლავდი. ახლა რას იზამ?" - ჰკითხა პარისმა დედას.
ამ შეხვედრის შემდეგ დედამ შვილში ბნელი მხარე აღმოაჩინა. პარისი რამდენიმე ხნის მანძილზე დედის სიტყვებზე საერთოდ არ რეაგირებდა ან სარკასტულად იცინოდა. იგი გახდა უხეში. გამოძიებამ ისიც აღმოაჩინა, რომ პარისი ინტერნეტში ამ მიმართულებით მასალებს ათვალიერებდა. ყოველივე ამან დედა დაარწმუნა, რომ ეს დროებითი ფსიქოზი არ იყო - პარისს ელას მოკვლა სურდა. მეტიც, გაირკვა, რომ მას მიზანში დედაც ჰყავდა აყვანილი.
"ერთერთი შეხვედრისას მე მას ვუთხარი, რომ მისი დახმარება და გაგება სურს, რაზედაც პარისმა მიპასუხა, რომ ჩვენ (მე და ელა) სულელები ვართ, ხოლო იგი ჭკვიანი, სიმპათიური და არტისტულია... რომ ის მართალია," - იხსენებს დედა.
მიუხედავად ამისა, ჩარიტი რეგულარულად ნახულობს ვაჟს საპატიმროში. მეგობრებს და ნაცნობებს ვერაფრით აუხსნიათ ეს ფაქტი, მეტიც, მას საზოგადოებისგანაც ხშირად ხვდება გაკიცხვა: "მეუბნებიან, შენ ის ქალი არ ხარ, რომელმაც საკუთარი დის მკვლელი ვაჟი გაზარდა?.. მიუხედავად ამისა მე არასდროს არ გადავიყვარებ პარისს, ის ჩემი შვილია," - აცხადებს ჩარიტი და მომხდარში ძირითადად საკუთარ თავს ადანაშაულებს, ნარკოტიკებსა და უყურადღებობას აბრალებს.
ჩარიტიმ სპეციალური ფონდიც დაარსა, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისათვის დახმარებას ისახავს მიზნად. ფონდს მოკლული ქალიშვილის სახელი - ელლა (ELLA - Empathy, Love, Lessons, Action: თანაგრძობა, სიყვარული, გაკვეთილი, ქმედება) უწოდეს.
2013 წელს ჩარიტის კიდევ ერთი ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ფენიქსი დაარქვა.
პარისი ახლა 25 წლისაა. იგი ციხიდან 2047 წელს გამოვა. დედა კვლავ დადის მასთან ციხეში, თუმცა ვაჟის გათავისუფლების ეშინია, უპირველს ყოვლისა ფენიქსის გამო...
მასალის გამოყენების პირობები






