ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების შიშს“ უკავშირებს. შაშკინი ამბობს, რომ ბიძიბნა ივანიშვილის გუნდი შეიარაღებულ ძალებს არ ენდობა, რადგან იცის, რომ სამხედროები უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, დადებითად განწყობილები არ არიან.
შაშკინის ამ განცხადებას პასუხი მოჰყვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, შაშკინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც, ომიაძის თქმით, შეიარაღებული ძალების დისკრედიტირებას ემსახურება.
შაშკინის ეს განცხადება გააკრიტიკა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, რომელმაც ყოფილ თავდაცვის მინისტრს ფეისბუქის გვერდზე პოსტი უძღვნა და შაშკინის ინფორმაციას ყალბი უწოდა.
ეზღუდებათ თუ არა რეალურად ხელისუფლების მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნებში მონწილეობა და რა პასუხი აქვს თავდაცვის უწყების კრიტიკაზე ყოფილ მინისტრს.
„არასერიოზული, უსუსური და ბოდვა“ – ასე აფასებს „ნიუპოსტთან“ დიმიტრი შაშკინი თავდაცვის უწყებისა და ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებებს და ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარისკაცებს აქვთ უფლება ხმა მისცენ ახლომდებარე უბანზე. ამის დასადასტურებლად შაშკინს გარდაბნის საარჩევნო ოლქი მოჰყავს.
„ამ დღეებში მოვისმინე კომენტარები ჩემს განცხადებასთან დაკავშრებით, იმის თაობაზე, რომ ეს ხელისუფლება თავის ჯარსაც არ ენდობა და უქმნის პრობლემებს არჩევნებში მონაწილეობაზე, მითუმეტეს, რომ ამ არჩევნებში უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი. იყო გაკეთებული კომენტარი „თავდაცვის სამინისტროს“ მიერ და იყო ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის კომენტარი. წავიკითხე ორი კომენტარი, ჩინოვნიკის კომენტარი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ესმის თუ რაზე საუბრობს და მეორე, ჟურნალისტის მიერ, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ერკვევა თემაში.
ორივე კომენტარი იმდენად არასერიოზული, უსუსური და ბოდვა იყო, რომ ბარემ გავაერთიანებ ამ ორივე განცხადებაზე ჩემს კომენტარს.
პირველი - ეს ხელისუფლება არ ენდობა თავის ჯარს და პრობელმებს უქმნის ჯარისკაცებს, სერჟანტებს, კაპრალებს და ოფიცრებს არჩევნებში მონაწილეობის მხრივ. სპეცუბნები არის გაუქმებული და საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს ძალიან დემოკრატიული ნაბიჯია და ის, რომ თურმე ჯარისკაცებზე ზეწოლას ახდენდნენ და ამიტომ გააუქმეს ეს უბნები, არის ბოდვა. მაშინ, ამ ლოგიკით გავაუქმოთ სკოლებში ყველა უბანი, ამ ლოგიკით მასწავლებლებსაც შევუქმნათ პრობლემბი, იმიტომ, რომ მასწავლებლებზეც შეიძლება ზეგავლენა. უბანი არის სკოლაში, უბნის კომისიის თავმჯდომარე ხშირად არის დირექტორი და მასაც აქვს გარკვეული ბერკეტები, მასწავლებელზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენის.
ეს არ არის არგუმენტი, როდესაც პოტენციური პრობლემების გამო, უქმნი უფრო დიდ პრობლემებს ჯარისკაცებს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ჟურნალისტმა ტაბლიაშვილმა თქვა, რომ თურმე ჯარისკაცებს აქვთ შესაძლებლობა, მისცენ ხმა ახლო უბნებზე, ეს ტყუილია. მე ჩემს განცხადებაში ორ ბაზაზე ვსაუბრობდი, რომელიც მდებარეობს ვაზიანში და ტაბლიაშვილმა მიაბა მარნეულის ბაზაო. შესაძლოა ჟურნალისტმა არ იცის საქართველოს რეგიონების რუქა, ვაზიანი ეკუთვნის გარდაბანს და არა მარნეულს.
მეორე - ძალიან მარტივია გადამოწმდეს ჩემი სიტყვები, რომ არც ერთი ჯარისკაცი, ოფიცერი, კაპრალი თუ სერჟანტი არ არის რეგისტრირებული გარდაბნის არც ერთ უბანზე. ისინი არიან რეგისტრირებულნი იქ, სადაც ცხოვრობენ და არავინ არ მისცა მათ უფლება, რომ მისცენ ხმა ახლომდებარე უბნებზე. ეს ტყუილია, რასაც ამბობს ჟურნალისტი.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თურმე იცის, რომ ეს არის ტყუილი და ჯარისკაცები უნდა წავიდნენ და ხმა მისცენ თავის რეგისტრაციის ადგილას, თურმე სამინისტრო ამისთვის ყველანაირ პირობებს უქმნის. არანირ პირობებს სამინისტრო ამისთვის არ ქმნის, ჯარისკაცების ეუბნებიან, იმავე დღეს დაბრუნდიო. როგორ უდნა წავიდეს ჯარისკაცი ვაზიანიდან სენაკში ან ზუგდიდში, ხმა მისცეს და დაბრუნდეს ამავე დღეს ბაზაზე, გაუგებარია. როდესაც არის საუბარი, რომ თურმე შეიძლება ზეგავლენა ყოფილიყო ჯარისკაცებზე თუ უბანი სამხედრო ბაზაზე იქნებოდა, ახლა არ შეიძლება ზეგავლენას ჰქონდეს ადგილი? რომ არ გაუშვან ჯარისკაცი? ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, რომ არ გაუშვას ბაზიდან ჯარისკაცი. ამიტომ, ეს არის სრული ბოდვა“ - აცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება სპეცუბნების გაუქმების საკთხს, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სირცხვილია, როცა თავდაცვის უწყების წარმომადგენლემა არ იცის, რომ ყველა სპეცუბანი გაუქმებული არაა.
„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ყველა სპეცუბანი არის გაუქმებული, სირცხვილია, თუ თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკი ხარ უნდა იცოდე, რომ სპეცუბნები არსებობს, კარანტინში მყოფი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც სპეციალურ უბანს უხსნიან. საუბარი იმაზე, რომ სპეციალური უბანი ყველგან არის გაუქმებული, არასწორია, რომ ასეთი სპეცუბნები დატოვეს. ერთის მხრივა ამბობენ, რომ მაგარი დემოკრატები არიან, რადგან გააუქმეს ყველა სპეცუბანი, რაც არაფერ შუაში არ არის დემოკრატიასთან და მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ, რომ წვევამდელებისთვის ასეთი უბნები დატოვებულია. სჯობს რაღაც პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ შუაშისტი ჟურნალისტები და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები“ - ამბობს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინსტრი ავღანეთიდან ვადამდელი როტაციის შესახებ ინფორმაციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მას მოქმედმა ოფიცრებმა აცნობეს, რომლებიც ადგილზე მისიას ასრულებენ.
"რაც შეეხება ავღანეთს - ავღანეთის ვადამდელი როტაციის ინფორმაცია, მე მივიღე მოქმედი ოფიცრებისგან და არა ერთისგან, რამდენიმე მათგანმა, რომლებიც ასრულებენ მისიებს, მომაწოდეს ეს ინფორმაცია. საზოგადოებას ბევრად უფრო დიდი ნდობა აქვს ამ ოფიცრების მიმართ, ვიდრე თავდაცვის ჩინოვნიკების მიმართ“ - ამბობს შაშკინი.
შაშკინი ასევე პასუხობს ახალი მისტრალების ყიდვასთან დაკავშირებით ტაბლიაშვილის კრიტიკას და ჟურნალისტს შეახსენებს, რომ სახელმწიფომ უნდა შეიძინოს პირველ რიგში ის იარაღი, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება, მითუფრო რუსული აგრესიის ფონზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვერ ხედავს პარტნიორების შეურაცხყოფის ფაქტს მისი მხრიდან და აცხადებს, რომ სახელმწიფომ კრედიტით შეიძინა იარაღი, მაშინ როცა, უარი თქვა ამერიკის საჩუქარზე.
„მესამე საკითხს უნდა გამოვეხმაურო - ჟურნალისტმა ტაბლიაშვილმა განაცხადა, რომ თურმე მე პარტნიორებს ვაყენებ შეურაცხყოფას განცხადებით იმის თაობაზე, რომ თურმე გვყიდიან იარაღს, რომელიც ჩვენ ამ მომენტისთვის არ გვჭირდება. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვამბობ იმას, რაც არის. მე ვთვლი, რომ ახლა „მისტრალების“ ყიდვა საფრანგეთისგან არ არის მიზანშეწონილი და არის არასწორი ნაბიჯი. იმიტომ, რომ „მისტრალის“ მოქმედების რადიუსი არ გვაძლევს შესაძლებლობას გავუმკლავდეთ საფრთხეს, რომელიც რუსეთისგან მოდის. რუსეთი 2008 წელს გვბომბავდა თვითმფრინავებით და არა ვერტმფრენებით და „მისტრალი“ კარგია ვერტმფრენის საწინააღმდეგოდ და არა თვითმფრინავის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავის ამოცანას 20 ათასი მეტრი სიმაღლიდან ასრულებს, „მისტრალს“ ამ რადიუსში მუშაობის საშალება არ აქვს, ამისთვის არ არის განკუთვნილი. კარგია, რომ რაღაც იარაღი ვიყიდეთ, ვიყიდეთ კრედიტით, მაშინ, როცა უარი ვთქვით ამერიკის საჩუქარზე. პისტოლეტებიც კი რომ ვიყიდოთ, კარგია, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი გვექნება თავდაცვის შესაძლებლობა, მით უკეთესია, მაგრამ პისტოლეტებით დავიცვათ თავი? თუ საჰაერო ნამდვილი სისტემები გვჭირდება? ცუდი კი არ არის პისტოლეტები გვქონდეს, კარგია, მაგრამ როდესაც გაქვს შეზღუდული ბიუჯეტი და საშუალებები, რაზე უნდა დახარჯო? იმ იარაღზე რომელიც ახლა არ გჭირდება თუ იარაღზე, რომელიც ჰაერივით გჭირდება?" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






