„ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმე და ახალი ფარული ჩანაწერი - ფარული მოლაპარაკებები კრემლთან და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა რუსული სცენარით. აღნიშნულ საკიტხს ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, ეს არის სამშობლოს ღალატი და მცდელობა, რომ გარკვეულ განაწყენებულ პირებს მაშინდელი ხელისუფლება დაემხო.
„უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ამ საქმეში მან დახმარება სთხოვა რუსეთს, რომლის ტანკებიც აქვე, თბილისთან დგას. ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე ამას ჰქვია ერთადერთი სიტყვა და არის ერთი შეფასება - საკუთარი სამშობლოს ღალატი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებს შორის ჩხარტიშვილი პირველ რიგშია, ივანიშვილი მასთან თათბირობს საქვეყნო საქმეებზე და მასთან ერთად ალაგებს კორუფციულ სქემებს. ჩვენ რას უნდა ველოდებოდეთ, რომ ლევან ყიფიანის შემდეგ ბატონი ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ მას ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში? ამასაც მოვისმენთ? დაველოდები ნამდვილად, რა ახალ სპექტაკლს მოიფიქრებს პროკურატურა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ჩანაწერებიდან ნათლად იკვეთება, რომ გარკვეული პირები რუსეთის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულები არიან.
„ცალსახად ჩანს, რომ გარკვეული ფინანსური წყაროების მქონე ადამიანები დაკავშირებულები არიან რუსეთის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ადმინისტრაცია მანიპულირებს გარკვეული ქმედებებით მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, რაც ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რა დგას ამის უკან და ვინ დგას ამის უკან. ეს არის სპეცსამსახურები, სხვა მიმართულებები თუ ეს არის პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა,“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






