როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინა, რომ, იმ დროს, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში სპეცრაზმი შევიდა, ის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ სამ თვეზე მეტია რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხს ელოდებიან, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა 19 წლის ახალგაზრდა, როცა მის საძინებელში სპეცრაზმი შევიდა, რა ვითარებაში მოხდა სასიკვდილო გასროლა.
მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაჩნია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე ზეწოლა ხორციელდება და მათ არ გაუსაჯაროებიათ პასუხები შეკითხვებზე - გაუწია თუ არა გარდაცვლილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა და იყო თუ არა გასროლის აუცილებლობა.
„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აშკარად თავს იკავებს, რომ დაწეროს ელემენტარული რეალიური ფაქტი, რაც ყველამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში უბრალოდ იწვა და მას თავი არ წამოუწევია. ეს ერთგვარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ზეწოლის, დროის გაჭიანურების და აქცენტის გადატანის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე,“- განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს დახმარებას სთხოვს. ისინი დიპლომატებს საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და აუხსნიან, რომ მოხდა დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები არ ისჯებიან.
„ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ვუგზავნით წერილს და მათ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენს წერილში საუბარია საქმის ისეთ მასალებზე რაც დღემდე საჯაროდ არ გამოგვიქვეყნებია. საუბარია თუ რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ დღემდე და რომ არ დასჯილან დამნაშავეები“, -განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
„მივმართავ დიპლომატებს, რათა ამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაიტანონ საზღვარგარეთ, რადგან ხელისუფლებას თემირლანის საქმეზე არ აქვს პასუხი. ჩვენ ვთხოვთ დიპლომატებს დახმარებას. ვაპირებ, კანონის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






