ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს.
"საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური"- თქვა ბუცხრიკიძემ.
ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკი ყველა თანამშრომლის უფლებების დაცვას აპირებს:
"ბოლო პერიოდში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, მამუკას მიმართ. ყველა იმ "თიბისი" ბანკის სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე, მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია. მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა. ეს კომპანია არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.
რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე
ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად," - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ბუცხრიკიძე ბანკიდან „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების მიერ თანხის გატანასთანდაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსაც ეხმაურება.
მისი თქმით, ოქუაშვილისმიერ ნახსენები კომპანია დარეგისტრირებულია არა ოფშორში, არამედ საჯარო რეესტრში 2016 წელს.
"აღნიშნული კომპანიის მიერ „თიბისი ბანკში“ მოხდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ანგარიშის გახსნის განაცხადი, ე.წ. "იცნობდე შენს კლიენტს"კითხვარი, ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ორივე დირექტორის მიერ ხელმოწერილითვითდეკლარაცია, კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება, კომპანიის წესდება, დამფუძნებელი კომპანიის წესდება, დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციი სერთიფიკატი, დამფუძნებელი კომპანიის დირექტორთა კრების ოქმი, დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი დამფლობელების სერატიფიკატი, კომპანიის აქციათა ამონაწერი, აქციათა სერთიფიკატი, კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატორის მიერგაცემული სტატუსი სერთიფიკატი და პირადობის მოწმობის ასლები.
ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტების საფუძველზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული ჰყავს თიბისი ბანკს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი,“ - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი თქმით, მარჯანიშვილის ფილიალი, მათ შორის, იურიდიული განყოფილება, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.
რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს, ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს, ხოლო რაც შეეხება ოქუაშვილის განცხადებას, თანხის გატანამდე ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირის შესახებ, ბუცხრიკიძე ამ შემთხვევაშიც ამბობს, რომ ოქუაშვილის განცხადება არის სიცრუე.
"რაც შეეხება ჩემს ნაცნობობას, პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. გიორგი გახარია გავიცანი ბიზნესომბუდსმენის რანგში. ვიცნობ ლევან ყიფიანს, თუმცა არ მაქვს მასთან მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ოქუაშვილის ბრალდებას, - მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრების ჩაწერას : ამ ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი კომუნიკაცია ჩემსა და ყიფიანს შორის. ტრანზაქცია შესრულებულია წესების სრული დაცვით. ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
მე ვარ ამ ბანკის გენერალური დირექტორი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარჯანიშვილის ფილიალი მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. მე ვარ გენერალური დირექტორი, უმაღლესი პირი ამ ორგანიზაციის და ვაცხადებ რომ ეს ასეა. 2016 წლის კამერები არ გვენქება შენახული, მე დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე ვარ ბანკში, ვაგროვებთ საბუთებს და ვისაც მოეთხოვება პასუხი, - შევიტანთ სასამართლოში“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






