კობახიძემ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე გვარამის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. აღნიშნულს თავად ბენიძე გამოეხმაურა.
მიხეილ ბენიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლას ემსახურება. მისივე თქმით, კობახიძის სურვილია, რომ არ მოხდეს არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე სათანადოდ დაკვირვება და ცდილობს, საზოგადოებაში გაუგებარი დისკუსია წარმოქმნას. ბენიძის თქმით, ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის კრიტიკის გარდა სხვა რამეზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, მათ შორის, მოქალაქეების გატაცებაზე.
"ამ თავდასხმების მიზანი ის არის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სრულყოფილი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, გადავიდეთ მათი განცხადებების პასუხზე. ეს პიროვნული შეტევები ახლა არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაში ავყვეთ ბატონ კობახიძეს. მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი საქმე და საზრუნავი იმ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიურად იტაცებენ და ასეთი ფაქტი გუშინაც ვნახეთ. მათი ტაქტიკა დღეს არის ის, რომ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მათ ბურთი თუ ლოდი გადმოაგდონ სხვის ბოსტანში და ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებია ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გასული ორი არჩევნების პერიოდში ასეთი ორგანიზებული შეტევა ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს, ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, გასაკვირია, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი მხრიდან ასეთი შემოტევა რას უკავშირდება”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






