ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ციალა დოთიაშვილი და მაია ოთინაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან. გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ ციალა დოთიაშვილების ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ის რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს.
რაც შეეხება მაია ოთინაშვილს - ის ცხინვალში უკვე კვირაზე მეტია დაკავებული ჰყავთ.
„ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული პოზიცია სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მკაცრად ვგმობთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოაყალიბა საოკუპაციო რეჟიმმა“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხისმგებლობას ხელისუფდლებას აკისრებენ. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ბედავს, საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.
„ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია,რადგან ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ გატაცებული ადამიანები დავაბრუნოთ სახლებში, პრევენციულ ღონისძიებებს უნდა ვატარებდეთ,რომ ასეთი გატაცებები არ ხდებოდეს“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ხელისუფლება შესაბამისად არ რეაგირებს იმ კანონდარღვევებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
„ეს დანაშაულებრივი ქმედება არც გუშინ დაწყებულა არც დღეს, მთავარია როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას. უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი ამ ადამიანების გამოსახსნელად“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.
მასალის გამოყენების პირობები






