გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები ამომრჩეველს მცხეთაში ხვდებიან.
გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში გაამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით ეს არის უმთავრესად ეროვნული ხელისუფლება, რომელთა მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით 28 ოქტომბერს მოქალაქეები ორი არჩევანის წინაშე დგანან.
„ეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. ერთი რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და უძრაობაში, რომელსაც თავზე კრიმინალური ბანდა აზის და მეორე საქართველოს, სადაც საქართველოს მოქალაქე არის მიზეზი და მიზანი სახელმწიფოს არსებობის და ამისთვის საჭიროა ეროვნული ხელისუფლება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატიც გააკრიტიკა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით მისმა ოპონენტმა ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის.
"ეს ხალხი უკვე ქართულად ვეღარ მეტყველებს ნორმალურად, ან არც მეტყველებდა. 2004 წლიდან ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას. რა გახდა? ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა ვინც ჩვენთან ცხოვრობენ იმათმა ისწავლეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ეს სამშობლო კი არ არის მათთვის, ეს სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამდიდრება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვასაძემ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. როკის გვირაბთან და ფსოუსთან ქართული დროშა იფრიალებს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით ქვეყანას ჰყავს გამოცდილი პარტნიორები და მათი გამოცდილების გაზიარება შეიძლება თუმცა ისე, რომ ის საქართველოზე იყოს მორგებული. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით აუცილებელია ტრადიციების შენახვა მომავალი თაობისთვის.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრება დაფუძნებული იყოს ქართულ და ზოგად საკაცობრიო ჰუმანისტურ, დემოკრატიულ პრინციპებზე. ეს არის ჩვენი შვილებისთვის ნორმალური ევროპული მომავლის გარანტია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ომეგას საქმეს გამოეხმაურა და იმ „სერიალიდან“ გამომდინარე რასაც საზოგადოება ბოლო დღეებია უყურებს ადვილად აღსაქმელია, რომ გრძელდება „ოცნების“ შავი ყულაბის შევსება ხალხის ხარჯზე. მისივე თქმით ასევე გრძელდება შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ მედიაზე.
გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით ის არ დაუშვებს, რომ როდესმე ეს კანონი ქვეყანაში ამოქმედდეს.
"არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას, არ დავუშვებთ საქართველოს მართვას ნარკოკარტელების მიერ მართვას,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კარგად ვიცით, რომ სულ რაღაც 21 დღეში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ეს არ არის არჩევნები და ესეც ძალიან კარგად ვიცით. ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ეს არის ბრძოლა ყოველგვარ მანიკიერებასთან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
„დღეს მე აქ მოსული ვარ როგორც რიგითი მოქალაქე, დღეს მე მაწუხებს ის, რაც გაწუხებთ თქვენ. მაწუხებს მავნებელი მთავრობა, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა და ცდილობენ რაც კარგია ის დაანგრიოს“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. მსოფლიო ბანმა "ფონდ იავნანას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ის ქვეყანას არ დატოვებს.
მოქალაქეებს სიტყვით თაკო ჩარკვიანმაც მიმართა. მან 2012 წლის არჩევნები და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
„მე მეგონა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მართლა ქველმოქმედი მოვიყვანე, მე არ ვიცოდი, რომ დიდი ანგარება იყო საფუძველში ჩადებული, მე ვფიქრობ, ყველამ ასე ვიფიქრეთ და დანაშაული ამაში არაფერი არ არის,“ - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






