ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას არ ენდობა.
„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად, გავა არც თუ დიდი დრო და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩდება ის, თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში, რომელიც ამხილა „ომეგა ჯგუფმა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას არ ენდობა არც „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, გასაკვირია, ექსპერტიზამ რატომ ვერ დაადგინა, რომელი პირები საუბრობენ ამ ჩანაწერებში.
მისი თქმით, საუბრის პროცესში არაა წყვეტა და მოლოდინი აქვთ, რომ ამას ევროპიდან მიღებული დასკვნასაც დაადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






