სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ ვაჭრობას უწყების თანამშრომლები ახორციელებდნენ. სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი პირია დაკავებული.
აღნიშნულ საკითხს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება. ხიდაშელი ითხოვს, რომ ლევან იზორიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა, ალბათ, ყველა იმ დღემდე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყებაში სკანდალი და უხერხული მოვლენა მოხდა. იმის გამო, რომ ორი წელია, უწყვეტ რეჟიმში სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მორიგი სერიალის გმირი იყოს თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმედ აისახება შემდეგ მრავალ ათას ადამიანზე, რომელიც იქ არის დასაქმებული. რასაც ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნათლად აჩვენებს, რომ თავდაცვის სამინისტროში უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ „ყველაფერი მოსულა.“ ან საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ან მიშვებულია.
ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროში მისვლა იყო ძალიან ცუდი მესიჯი, ცუდი გზავნილი უწყებისთვის, რომ შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მთელი ეს სკანდალები, სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც ამის შემდეგ ხდება, ფულის გაფლანგვა, დასკვნები, რომელსაც აუდიტის სამსახური დებს, არაფერი ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამაზე მისი დანიშვნის პირველ დღესვე ვსაუბრობდი,“- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






