გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება სხვადასხვა ფორმით ზეწოლა:
"მეგობრებო, როგორც ახლახან შეგვატყობინეს ჩვენმა თანამოაზრეებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აქტიურ ამომრჩეველზე, განსაკუთრებით კი, ჩვენს თანამოაზრეებზე გრძელდება სხვადასხვა ფორმით ზეწოლა. ამჯერად, ავრცელებენ მცდარ და აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ზიანის მომტანი ან ხელისშემშლელი პირობა გახდეს იმ პირთათვის, ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ნათხოვნი და ასეთი სტატუსი ჯერ არ გააჩნია. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, აბსურდი. საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამოცხადება ნებისმიერი სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია მხოლოდ შეზღუდული, საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ფარგლებში მოქმედებს და სამართლებრივი დევნის წარმოება აშშ-ს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლებელია. გარდა ამისა, ღიად და დეკლარირებულად ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს არც ერთი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის არც ერთი ჩინოვნიკი არ უსაყვედურებს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილების შეტანაში მონაწილეობის მიღებასა და ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას, ასე რომ, თამამად და გაბედულად შეგიძლიათ მიბრძანდეთ გენერალურ საკონსულოსა და საელჩოში, გააკეთოთ თქვენი არჩევანი და თქვენი თითო ხმით განუზომელი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






