„გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით. იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნემ, ინტოქსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში, სადაც იქნება მოთავსებული და ჩვენ მაინც მივაღწიოთ დიაგნოზის დასმას, რომ შემდგომ მოვახდინოთ მისი სწორი მკურნალობა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ამ დაავადების გამო, ფაქტობრივად, სახის დამბლა აქვს განვითარებული მერაბიშვილს.
"ვანო მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად, სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო,"- განაცხადა ადვოკატმა.
ყოფილი პრემიერის ინტერესების დამცველები იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
"ამ განცხადებიდან ზუსტად 8 საათში ივანე მერაბიშვილი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში „მედიქლაბში“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღემდე ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი დადგენილი არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს ადამიანი 5 ჯერ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, ვიცით, რომ მას აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული ეს სინდრომი, დღემდე არ გვეუბნებიან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით.
იმ გამოკვლევების შესახებ სამედიცინო დასკვნა, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა, ადვოკატების ინფორმაციით, მათ დღემდე არ მიუღიათ.
„ორი თვის განმავლობაში მისი დაავადება პროგრესირებს და არ რეგრესირებს. ეს თვალითაც შესამჩნევია. მას გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






