ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. საქართველომ საფრანგეთისგან შეიძინა ანტისაჰაერო სისტემა „მისტრალი“.
საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცისთვის და მომდინარე საფრთხეებისთვის, „მისტრალის“ მსგავსი სისტემა არაფრის მომცემია მაშინ, როცა ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ის საჩუქარზე ანტისაჰაერო სისტემა „ჰოკის“ სახით, რომლის დაფარვის რადიუსიც 20 კილომეტრია, „მისტრალის“ კი 4-დან 6 კილომეტრამდე:
„საქართველოს მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ გვამცნო, რომ როგორც იქნა ჩამოვიდა საქართველოში ანტისაჰაერო დანადგარები, რომლებიც საქართველომ შეიძნა საფრანგეთში. ბუნებრივია, ძალიან კარგია, რომ რაღაც გაკეთდა, ჯარისთვის რომ იყიდეს რაღაც, რასაც გვპირდებოდნენ 6 წლის განმავლობაში, როგორც იქნა იყიდეს. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. საზოგადოებას და ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს თუ რა გვინდოდა და რა მივიღეთ.
გვინდოდა - "ჰოკი"

მივიღეთ - "მისტრალი"

მინდა შევახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 2011 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ამერიკა გადასცემდა საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას. იგივე დაპირება გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და 2012 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი სამხედრო ინჟინრები, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ თუ სად და როგორ უნდა განლაგებულიყო ანტისაჰაერო ამერიკული თავდაცვითი სისტემები, რომლის სახელიც არის „ჰოკი“ (HAWK), ის არის სისტემა, რომელიც მოგვცემდა ჩვენ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო დაცული რუსული თვითმფრინავებისგან. ეს პროექტი წარმატებით ჩადო საფლავში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ და მაშინდელმა პრემეირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ გვამცნეს, რომ ამერიკული სისტემის ნაცვლად, რომელსაც უფასოდ გვაძლევდნენ, კრედიტთ იყიდნენ საფრანგეთიდან.
როგროც იქნა ეს სისტემა 6 წლის შემდეგ ჩამოვიდა და მნიშვნელოვანია თუ რა მივიღეთ. ინტერნეტი ყველას აქვს და ყველას შეუძლია ჩემი სიტყვების გადამოწმება, რადგან ეს არის ღია ინფორმაცია.
ჩვენ ვიყიდეთ კრედიტით, ფულით რომელიც დასაბრუნებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოს მიერ, ჩვენი შვილების მიერ, ულტრა მოკლე მანძილზე მომუშავე ანტისაჰაერო სისტემა, რომელსაც ჰქვია „მისტრალი“, ეს არის ფრანგული სისტემა, რომელიც რეალურად არაფრით უკეთესად არ დაიცვას ჩვენს ცას, ვიდრე მაგალითად „სტინგერი, იმიტომ, რომ მუშაობს ძალიან მოკლე მანძილზე, როგორც სიმაღლეზე, ასევე დისტანციაზე, როდესაც თვითმფრინავის იდენტიფიკაცია ხდება. ამ „მისტრალის“ მაქსიმუმი, რაც მას შეუძლია, ეს არის 4-დან 6 კილომეტრ რადიუსზე მუშაობა, მაშინ, როდესაც „ჰოკის“ სისტემა მუშაობს 20 კილომეტრზე, სხვაობა ხომ ძალიან დიდია? ულტრა მოკლე მანძილზე მომუშავე საჰაერო სისტემა მნიშვნელოვანია, საჭიროა, თუმცა ვერ ჩაკეტავს ცას რუსული თვითმფრინავებისგან, რომლებიც მუშაობენ 20 ათას მეტრზე. ჰოკი იმიტომ იყო არჩეული საქართველოსთვის, რომ ჰოკი იყო გათვლილი ზუსტად რუსული წარმოების თვითმფრინავებისთვის. ულტრა მოკლე მანძილზე მომუშავე სისტემა კარგი არის ვერტფრენების საწინააღმდეგოდ, თუმცა, 2008 წლის ომმა გვაჩვენა, რომ მტავარი ზიანი მოგვაყენა ჩვენ არა ვერტმფრენებმა, არამედ რუსულმა ავიაციამ. რუსული ავიაცია მუშაობს სიმაღლეზე და დისტანციაზე, რომელსაც ფარავს „ჰოკი“, მაგრამ ვერანაირად ვერ ფარავს მისტრალი. საბოლოო ჯამში, რა შევუკვეთეთ და რა მივიღეთ? ამ სისტემის ყიდვის სანაცვლოდ, უარი ვთქვით საჩუქარზე, რომელიც მოდიოდა პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრეზიდენტ ობამას შეთანხმებით, ვისაც არ სჯერა ჩემი სიტყვების, მას შეუძლია ინტერნეტის საშუალებით შეადაროს და ნახოს, რა არის „ჰოკის“ სისტემა და რა არის „მისტრალის“ სისტემა, ეს არის იგივე, როცა გჭირდება ტანკი და მოგყიდიან ჯიპს. ეს რომ არ ეხებოდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, შესაძლოა ასე გულზე არ მოგხვდეს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება? ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
ექვსი წელი გვატყუებდნენ, რომ ჩამოვიტანთ „ჰოკზე“ უკეთესსო, „ჰოკზე“ უკეთესი სისტემა კი არის „პატრიოტი“, რომელიც საქართველოს რელიაფიდან გამომდინარე არ სჭირდება. ამის ნაცვლად ჩამოიტანეს დიდი ფულის სანაცვლოდ „სტინგერის“ მაგვარი სისტემა“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
"სტინგერი"

მასალის გამოყენების პირობები






