გოჩა დავითაძეს სპორტთან პირველი შეხება ადრეულ ასაკში ჰქონდა და ამ უძველესმა და პოპულარულმა სახეობამ _ ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობამ ისე დააინტერესა, რომ მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანა და აქტიურად ჩაბმაც არ გასჭირვებია. თავდაპირველად, სკოლებს შორის შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობდა, მერე და მერე კი სახელი საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარებულ შეჯიბრებებზეც გაითქვა. აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ, გოჩა თბილისში აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს, შეკრებებზე სიარულსა და ასპარეზობას. ცოტა ხნის წინ, მას ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებაზე შევხვდი და ბოლო დროინდელ ამბებზე გავესაუბრე.
_ გოჩა, როგორ მიგაჩნიათ, რა არის მთავარი იმისათვის, რომ სპორტმენი წარმატებული იყოს?
_ მთავარი შრომაა, მოთმინება, ნებისყოფა, ვარჯიში, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება თანაბრად მაღალ დონეზე უნდა იყოს. ვარჯიშებს თუ არ შეასრულებ, შენს შეცდომებს არ გამოასწორებ, ვერაფერს მიაღწევ. 100%ით უნდა იყო ჩართული.
_ შეჯიბრებებს რომ ვაკვირდები ხოლმე, ბევრ სპორტსმენს წარმატებაში ხელს ნერვიულობა უშლის. თქვენი აზრით, თამაშზე გასვლის წინ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგრადობას და მღელვარების დაძლევას? თუ ფიზიკური მომზადება მაინც თავისას შვრება?
_ შეჯიბრებაზე გასვლას მღელვარება, რა თქმა უნდა, ახლავს, თუმცა, ზოგი ადვილად სძლევს ამ ნერვიულობას, მაგრამ ზოგი უფრო ისტრესება და იმდენად ნერვიულობს, რომ შეიძლება, მაგარ ფორმაში იყოს, მაგრამ გასვლისას ვეღარაფერი ქნას. სიმართლე გითხრათ, ამის პრობლემა მე არ მქონია. თუ კარგ ფორმაში ხარ და ბევრი იშრომე, თავდაჯერებული ხარ და შესაბამისად, სტრესიც ცოტაა. იღბალსა და გამართლებასაც მნიშვნელობა აქვს.
_ როგორც ვიცი, მსაჯობისა და მწვრთნელობის გამოცდილებაც გაქვთ, ხომ? ეს კი სპორტსმენის სტატუსს ერთი-ორად ამაღლებს, რადგან ერთია კარგი ფიზიკური მომზადება და მეორე, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდა და მათი შეფასება, რადგან პროფესიონალის თვალით უყურებ.
_ რა თქმა უნდა, როგორც იცით, სპორტის აკადემია დავამთავრე და ეს ასევე ჩემი პროფესიაა, რომლითაც ვამაყობ. აზერბაიჯანში ყოფნისას, მათ მიერ ჩატარებულ ვარჯიშებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, ოთხ წლიანი პროგრამა ჰქონდათ, ვარჯიშის გეგმა ჩამოწერილი იყო _ გამძლეობის, ტექნიკის, ტაქტიკის და ა.შ. რომლითაც ერთ წელიწადში აზერბაიჯანმა მსოფლიო თასი მოიგო, როცა მსგავსი შემთხვევა მანამდე არ ჰქონია. ირანალები ჰყავდათ ჩამოყვანილი და ეს პროგრამა მათ ჩამოიტანეს. იქ კარგი სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე.
_ მწვრთნელობა ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა, არა?
_ დიახ, როცა სხვაზე მუშაობ, გაცილებით მეტი ყურადღება გჭირდება, ვიდრე საკუთარ თავზე. შენ უნდა მოამზადო ყველაფერში, ისე სპორტსმენს ვერ გაზრდი, თავისებური მიდგომა სჭირდება და ეს ადვილი არ არის. მაგრამ როცა წლებია ემსახურები საქმეს, უკვე იცი, რა უნდა აკეთო. ადვილი არ არის, მაგრამ შეძლებ. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების, მათ ბევრი რამ მასწავლეს.
_ რა არის თქვენი მთავარი მიზანი სპორტში?
_ რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა. მინდა, რომ აქამდე მივიდე და ვნახოთ, თავდაუზოგავად ვშრომობ და ვვარჯიშობ, ყოველდღიურად, დღეში ორჯერ.
_ რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს?
_ დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი, ყურადღებით მოუსმინონ მწვრთნელებს და შესაძლებლოებების მაქსიმალური გამოავლინინონ, ყველაფერი გააკეთონ და აითვისონ, რასაც მწვრთნელი ასწავლის, დაიხარჯონ, შეცდომები გამოასწორონ და ა.შ. ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაში და კარიერულ წინსვლაში ძალიან გამოადგებათ.
_ რაიმე ჰობი თუ გაქვთ? რას აკეთებთ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ?
_ როგორც ვთქვი, სისტემატურად ვარ ჩართული სპორტში, შეკრებებზე დავდივარ, თუმცა, ზოჯერ მეგობრებთან ერთად გართობასაც ვახერხებ. ჩემი ჰობი ექსტრიმია _ ბაიკი, მანქანა, სისწრაფე, პარაშუტით გადმოხტომა და ა.შ. ძალიან მომწონს.
_ დიდი მადლობა, გოჩა, წარმატებებს გისურვებთ.
გიორგი ვარდიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






