გაერო-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მისი თქმით, ისეთი გამოსვლები, როგორიც ბახტაძეს ჰქონდა, იმედგაცრუებას იწვევს. აღნიშNული განცხადება კარასინმა „პირველ არხთან“ საუბრისას გააკეთა:
„ჩვენ ვკითხულობთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაერო-ში. გვესმის, როგორი დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ. შევეცდებით, ამას რამე მოვუხერხოთ, შევეცდებით, ყველაფერი პოზიტივისა და კონსტრუქციული მსჯელობის გამოყენებით გავაკეთოთ. ის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია წინ წავწიოთ, დაგვეხმარება პოლიტიკურ კუთხითაც, პოლიტიკური ურთიერთობების აღზრდაში. ასეთ ფსონს ვაკეთებთ. ასეთი განცხადებები ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ეს არის კრიტიკა ჩემი ქვეყნის მიმართ. ცინიკურად ჟღერს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების დამყარების სურვილი და ამავე დროს, ამ ქვეყნების დადანაშაულება იმაში, რომ იქ არანორმალური ვითარებაა, ადგილი აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ნაბიჯების გადადგმის ნაცლად, ფაქტობრივად, ხდება არსებული მექანიზმების ჩაშლა. ვგულისხმობ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს.
ჩვენ პრაღაში შეხვედრას ვმართავთ, რათა გადავჭრათ ის საკითხები, რისი გადაჭრაც შეგვიძლია. ეს არის სატრასპორტო, სახმელეთო, საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარული კონტაქტები, სავიზო საკითხები, ამ არასრული 6 წლის განმავლობაში რაღაც გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, ეს კონსტრუქციული ტენდენცია გაგრძელდება. არ გამოგვივიდა პოლიტიკური ნაწილი“, – განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






