„ავიაკომპანიის ფრენის ლიცენზიის AOC (AIR Operator Certificate) განახლების ბოლო ვადა იყო 28 სექტემბერი, ჩვენი ინფორმაციით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიას ამ თარიღში ლიცენზია არ გაუხანგრძლივა, გამომდინარე იქედან, რომ მათ არ გააჩნდათ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა" (Operating licenses) რომლის აღების ვადაც მათ 26 სექტემბრამდე ქონდათ. „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა" (Operating licenses) არის ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (EASA) მიერ ახალი სტანდარტი, რომელიც საქართველოსი დაინერგა 2017 წელს. ახალი სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობა და მათი საქმიანობის გამჭირვალობა, რომლის დაკმაყოფილებაც უწევს ყველა ქართულ ავია კომპანიას, რომელიც არის დაკავებული კომერციული მგზავრთა გადაყვანით ან ტვირთების ტრანსპორტირებით.
ავიაკომპანია „AMS Airlines"-მა ვერ დააკმაყოფილა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის მოთხოვნები, რის გამოც მათ არ გაუხანგრძლივდა ავიაკომპანიის ოპერირების ლიცენზიაც AOC.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ავიაკომპანიას უნდა შეეჩერებინა ფრენები 28 სექტემბერს, მაშინ როცა გაუვიდა ვადა მათი ოპერირების ლიცენზიას, თუმცა აღნიშნული ავიაკომპანიის დამფუძნებლებმა არ გაითვალისწინეს ეს და 29-30 სექტემბერს გააგრძელეს ფრენები ჩვეულ რეჟიმში, რაც არის ქართული და საერთაშორისო საავიაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
ჩვენი ინფორმაციით, დღეს, 1 ოქტომბერს ავიაკომპანია „AMS Airlines"-ის დამფუძნებლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელზე, ბატონ გურამ ჯალაღონიაზე. ისინი მოითხოვენ თავიანთი დანაშაულის გადასაფარად სააგენტომ გასცეს ლიცენზია ძველი თარიღით, 28 სექტემბრით, რისი უფლებაც მას ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე არ გააჩნია.
ძველი თარიღით ლიცენზიის გაცემა, თანაც საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დარღვევით ჩაითვლება კრიმინალურ დანაშაულად, რაც გახდება სააგენტოს დირექტორის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ჩადენილი დანაშაული კი უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ავიაციის სამყაროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia" მიმართავს ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას, როგორც ავიაციის დარგზე პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი, სასწრაფოდ დაინტერესდეს აღნიშნული შემთხვევით და მოახდინოს სავარაუდო მოსალოდნელი დანაშაულის პრევენცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანია "AMS AIRLINES"-ი რეალურად მხოლოდ ფორმალურადაა ქართული ავიაკომპანია და კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ხუთი სატვირთო საჰაერო ხომალდი AIRBUS-A300F4 არ იმართება საქართველოდან და ხდება უბრალოდ საქართველოს დროშის ბოროტად გამოყენება.
ავიაკომპანია რეალურად იმართება არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და მათი საჰაერო ხომალდებიც სარჟის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და მიზეზი გადასახადების თავიდან აცილებაა, მოგეხსენებათ არაბთა საემირო სარჟა წარმოადგენს ოფშორულ ზონას, სადაც რეგისტრირებული კომპანიები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო გადასახადებისგან.
ავიაკომპანია "AMS AIRLINES"-ში საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ხუთ სატვირთო საჰაერო ხომალდს რეალურად მართავს ოფშორულ ზონაში, კერძოდ სარჟაში რეგისტრირებული კომპანია Right Charter-ი. ამავე კომპანიის საკუთრებაშია აღნიშნული საჰაერო ხომალდებიც და სწორედ მათ მიერ ხდება უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების კონტროლი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან.“- ნათქვამია ვასო ურუშაძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






