საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებაში საქართველოში ქრისტიანობის როლსა და მის გავრცელებაზე ილაპარაკა.
„ქრისტეშობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ერთი ღმერთის სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ასევე საქართველოში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.
ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან. მონასტრები დაარსდა მე-4, მე-5, მე-6 საუკუნეებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი პროდრომოსი ჩამობრძანებულია საქართველოში პირველად. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას თანმხლებ პირებთან ერთად.
საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები - ივერონი, იოანე ღვთისმეტყველის სავანე და მრავალი სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთმადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ.
ათანასე დიდის ლავრას უკავია განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩემთვის თქვენი ჩამობრძანება ძალიან ძვირფასია.
მე როდესაც ვამთავრებდი სასულიერო აკადემიას, დავწერე საკანდიდატო დისერტაცია - ისტორია ივერთა მონასტრისა. მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე.
თქვენო მაღალღირსებავ, რთული დრო არის. ეს სირთულე არა მარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.
მასალის გამოყენების პირობები