3 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძლავრი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებაა, ჩიკაგოში მოღვაწე ონკო რადიოლოგის ქრისტინა ქეილის სახელი მიენიჭა. ქრისტინა ქეილიმ ცენტრის კლინიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დანერგა სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის თანამედროვე გაიდლაინები.
ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს რადიოლოგიური, მედიკამენტოზური და ქირურგიული მიმართულებით. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში დამონტაჟებულია ბოლო თაობის ორი ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები, მიზნობრივად დასხივდეს.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი 2015 წლიდან 4 000 პაციენტს მოემსახურა, მათ მკურნალობის კურსი ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ონკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს. ცენტრის სამ წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში მაღალია განკურნებულ პაციენტთა სტატისტიკური მაჩვენებლები.
ონკოლოგიის ცენტრის 3 წლის იუბილე ნატო მეტონიძის კონცერტითა და განკურნებულ პაციენტთა ფოტო გამოფენით აღინიშნა, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები