IDFI-მ თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი ჩაატარა, რომლის მიხედვითც - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება:
საქართველოს პრეზიდენტი - 6900 ლარი, ადმინისტრაციის უფროსი - 6250 ლარი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე - 5770 ლარი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - 5440 ლარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - 5410 ლარი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი - 4400 ლარი.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონის მიხედვით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 10.0 გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრისთვის. შესაბამისად, 2018 წელს განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს (1000 ლარი) გათვალისწინებით ახალი კანონი მათი ყოველთვიური ანაზღაურების 10 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, წინა წლის მსგავსად, 6 900 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. საქართველოს პრეზიდენტზე განვლილ წლებში პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო ახალი კანონის პირობებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა აიკრძალა, შესაბამისად, პრეზიდენტის ანაზღაურება ახალი კანონის პირობებში უცვლელი დარჩა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად განსაზღვრული იყო სახელფასო დანამატები და გარკვეული პერიოდულობით გაიცემოდა პრემიები. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, პრემიებზე და დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე 2017 წლის მდგომაროებით არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის ხარჯზე. 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური სარგოს ოდენობა განისაზღვრა წინა წელს მოქმედი ყოველთვიური სარგოსა და შესაბამის თანამდებობაზე დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის ჯამის ოდენობით.
მაგალითად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი - 2710 ლარს. 2018 წლიდან მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 6250 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები






