ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები - საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში კომენტარები კეთდება. ჩანაწერებით ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს“, გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ყველა პარტიას აუდიტის სამსახური ამოწმებს.
“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკმაო კომპეტენცია გააჩნიათ იმისათვის, რომ ესე პოლიტიკური ანგაჟირებული განცხადებები ისროლონ მარჯვნივ და მარცხნივ. რასაკვირველია, ამოწმებს აუდიტის სამსახური ყველა პარტიას და მე, საერთოდ უფრო მეტი ეჭვი მაქვს იმაში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 300 ათასი ლარით ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ამ უშველებელი რაოდენობის დამკვირვებლებით და აქტივისტებით. ასე, რომ ყველაფერზე ვთქვათ რომ გამოძიებაა საჭირო, რასაკვირველია, მაგრამ მეორე, ზედაპირზე დევს, რომ ის არის გარკვეული თაღლითობა, რომელიც შეიძლება სწორად შეფასდეს ის საქმე, რომელიც პროკურატურამ აღძრა ამ სათაურით. ასე, რომ მომავალი გვიჩვენებს სად იყო შავი ფული, ვინ ვის რას სთხოვდა და ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს თუ არა ბიზნესმენმა თანხა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძეც აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების სტილისტიკა ოპონენტები ხელწერას ჰგავს:
„ეს ჩანაწერების სტილისტიკა, რომელიც საარჩევნო პერიოდს ეხება ხოლმე, ჩემთვის ჩემი ოპონენტების ხელწერას უფრო წააგავს. ჩემი პასუხი იქნება შემდეგი, რომ ვიღაცას უნდა ალბათ რომ ეს თემა არსებობდეს ქართული ოცნების გარშემო. თუ კი არასამთავრობოები ესე მიმართავენ, რომ შესაძლოა რაღაც არსებობდეს, შესაძლოა ალბათ ბევრ რაღაცაზე გაჩნდეს სხვა ეჭვებიც და მივმართავდი არასამთავრობოებს, რომ კარგი იქნება ძალიან კონკრეტული, მკაფიო ან ბრალდებით გამოვიდნენ ხოლმე ან უფრო მკაფიოდ განმარტონ თავიანთი მოსაზრება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






