„საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, არაეფექტური სისტემური რეაგირების გამო. დიდი იმედი გვაქვს გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები






