მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ მსჯავრდებულის ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მოწამვლაზე ალაპარაკდა. გიორგი ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს შესაძლოა მიზანმიმართულად წამლავენ დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც ყოფილი პრემიერის დიაგნოზზეა საუბარი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს არჩენს.
"მათ გვითხრეს, რომ არის ჰორნერის სინდრომი, სპეციალისტებს როდესაც ვკითხეთ რას ნიშნავს ჰორნერის სინდრომი, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის სიმსივნით, ფილტვის ან ხერხემლის ტვინის სიმსივნით. ჩვენ ისინი უბრალოდ გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი და არის რინიტი, მაგრამ აი, ეს ჰორნერის სინდრომი რით არის გამოწვეული, პასუხი არ არსებობს" - აცხადებს ჩივიაშვილი "ნიუპოსტთან"..
აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს. შაშკინის განცხადებით, პირველ რიგში საყურადღებოა, რომ მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი და მას უკვე ეკუთვნის ვადამდე ადრე გათავისუფლება, რადგან მას არ დაურღვევია რეჟიმი და ამისათვის, ყოველგვარ პირობას აკმაყოფილებს:
„ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ძალიან სამწუხარო ტერმინი შემოიღო სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ, ანუ დადგინდა ევროპის ყველაზე დიდი და ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოს მიერ, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური, უკანონო, ამ ხელისუფლების პირადი პატიმარი, რომელიც ახლა სამწუხაროდ საქართველოს სათავეშია. ჩვენ ყველა ველოდებით ევროპის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც თითქმის 100%-იანი ვარაუდით, გარანტიით დაავალებს საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი. გარდა ამისა, მერაბიშვილს დიდი ხანია ეკუთვნის ვადამდე ადრე გათავისუფლება, რადგან მას არ დაურღვევია არც რეჟიმი და ყველანაირ პირობას აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ვადამდე ადრე იქნას გათავისუფლებული. მაგრამ ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არ გამოუშვან ის ციხიდან, ამას დაემატა ის დანაშაული და სადიზმი, რომელიც ვიხილეთ“, - აღნიშნავს შაშკინი.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გაურესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვანო მერაბიშვილს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს ფიზიკურად კლავენ, ამიტომ, ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საქმეში აუცილებელია ჩაერთოს აშშ-ის ფედერალური ბიური, რადგან მოხდეს იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია მერაბიშვილის ავადმყოფობა.
"იქმნება სურათი ამ მოქმედებებით, რომ ვანო მერაბიშვილს კლავენ ან სამედიცინო დახმარების არგაწევით ან ინტოკსიკაციით. ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია - პოლიტიკური ოპონენტის ფიზიკური განადგურება" - ამბობს შაშკინი
ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება მას შემდეგ გახდა იძულებული მერაბიშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, რაც მისი ანალიზების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და გასაჯაროვდა:
„თითქმის სამი თვის წინ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო დროული კვლევების ჩატარება, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ სამედიცინო რესურსი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ყველაფერს აკეთებდა სასჯელაღსრულების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ არ ემკურნალათ ვანო მერაბიშვილისთვის.
თუმცა, ახლა როდესაც უკვე გახდა ცნობილი ის ფაქტები და მცირე ანალიზები, რომელიც არსებობს, ექიმები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაავადება, არამედ ვანო მერაბიშვილის მიმართ შეიძლება არის განხორციელებული მოწმავლის ფაქტი. ის სიმპტომები და დიაგნოზი, რომელიც ბოლოს იყო დასმული, არ შეესაბამება მკურნალობას, რომელსაც მას უტარებდნენ ორი თვის განმავლობაში და რის შედეგადაც კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა, მაგრამ გარდა ამისა, ექიმები ღიად საუბრობენ, რომ ის სიმპტომატიკა, რომელიც არსებობს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს გარედან მიღებული ინტოქსიკაცია ანუ მოწამვლის ფაქტი.
ჩვენ სამწუხაროდ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც არაფერი არ არის გამორიცხული და ბუნებრივია, მე არ ვარ ექიმი, მაგრამ საქართველოს ხელლისუფლება, სასჯერაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულია ჩაატაროს შესაბამისი კვლევები, რომ გამოირიცხოს მოწამვლის შესაძლო ფაქტი და ამისთვის, ჩემი აზრით, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ჩართვა. ამ უწყებას აქვს ძალიან დიდი გამოციდება ასეთ ფაქტებთან მუშაობისა და ბრძოლის“, - განმარტავს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რუსი აქტივისტის ვერზილოვის მოწამვლის ფაქტი, ასევე სკრიპალების საქმე და იუშენკოს მოწამვლის ფაქტიც, სწორედ ამიტომ საყურადღებოა ვანო მერაბიშვილის საქმეც:
„მსურს შევახსენო საზოგადოებას, რომ ორი კვირის წინ ზუსტად იმავე სიმპტომებით იყო ჰოსპიტალიზირებული და მოასწრეს რუსეთის ფედერაციიდან ბერლინში გადაყვანა, ვერზილოვის, ეს არის ადამიანი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ქალბატონებთან ერთად პოლიციის ფორმაში გამოვარდა პროტესტის ნიშნად საფეხბურთო მოედანზე, სასამართლოზე ეს ადამიანი გახდა ავად, მას არ ჰქონდა მისჯილი და შესაძლებელი გახდა მისი გაყვანა ბერლინში, სადაც გერმანელმა ექიმებმა ცალსახად თქვეს, რომ ეს იყო მოწამვლის ფაქტი, თუმცა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო მომწამვლელი ნივთიერების დადგენა, მაგრამ დაადასტურეს მოწამვლის ფაქტი.
მე არ ვარ კონსპირაციული თეორიების მომხრე, მაგრამ სკრიპალების შემდეგ, იმის შემდეგ რაც ინგლისის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაცია ატარებს სპეცოპერაციებს და კლავს ადამიანებს, საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს იუშენკოს მოწამვლის ფაქტი, ამ ფონზე ვერზილოვის მსგავსი სიმპომატიკით ვანო მერაბიშვილის ცუდად გახდომა არის ძალიან საეჭვო, ვერზილოვსაც ჰქონდა ჰაერის უკმარობა, თვალებზე პრობლემა და ინსულტის ნიშნები, იგივე რასაც ექიმები ამბობენ ვანო მერაბიშვილზე. ამიტომ არის აუცილებელი პროცესში ქართველი ექიმების ჩართა და ჩვენ გვყავს ბევრი პატრიოტი, ძლიერი კარგი ექიმი, რომლებიც მზად არიან უმკურნალონ მერაბიშვილს. აუცილებელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩართული იყოს აშშ-ის ფედერალური ბიურო, რომელიც გამოიკვლევს არის თუ არა ვანო მერაბიშვილი მოწამლული.
ამ ეტაპისთვის მეორეხარისხოვანია ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან. მთავარია, იმ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომლის სახელსაც უკავშირდება უამრავი წარმატება, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი ამ ხელისუფლების. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა და საკითხი, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზები, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან დადგინდეს თუ რა ნივთიერებით ხდება მისი ინტოქსიკაცია.
კიდევ ერთხე ვამბობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ვანო მერაბიშვილი და აღსრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






