ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის შენობის გადმოტანას პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ეხმაურება.
„მიმაჩნია, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანა დამაზიანებელია ქუთაისისთვისაც, თბილისისთვისაც და, რაც მთავარია, ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ამომრჩევლისათვის სახეში სილის გაწვნა.
ყველას კარგად გვახსოვს შარშან, კონსტიტუციური პროექტის განხილვის დროს, კონსტიტუციიდან ამოიღეს ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ. მაშინ გვიმტკიცებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, რომ ეს სრულიადაც არ გამოიწვევს პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანას. დღევანდელი პოზიციით კი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა არაფერია, თუ არა მატყუარათა ჯგუფი, რომელიც არჩევნებამდე იძლევა დაპირებებს, ხოლო არჩევნების მეორე დღეს იგონებს ამომრჩევლის გაცურების ახალ-ახალ მეთოდებს.
მე, პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ვარ თბილისელი, მიმაჩნია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს ქუთაისში, ვინაიდან ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი:
ერთის მხრივ, ეს არის თბილისის დეორგანიზაცია: პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც ვთანხმდებით იმაზე, რომ დედაქალაქის დღევანდელი ტერიტორია ვეღარ იტევს მილიონნახევრიან მოსახლეობას და სახელმწიფო და კომერციული დაწესებულებების იმ რაოდენობას, რაც დღეს დედაქალაქშია თავმოყრილი. თბილისელებისთვის ეს ყოველდღიურად ნიშნავს მეტ საცობს, დაბინძურებულ ჰაერს და სხვადასხვა სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ პრობლემებს. ამიტომ საჭიროა, არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილის დედაქალაქიდან გატანა. უნდა მოხდეს თბილისის დეურბანიზაცია, დედაქალაქის მოსახლეობა უნდა დასტაბილურდეს მილიონ ასიათას, მილიონ ორასიათს მაცხოვრებელზე, რაც ამ ქალაქს უფრო კომფორტულს გახდის მაცხოვრებლებისთვის.
მეორეს მხრივ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს პრობლემა: რეალურად დღეს იგი არის ქალაქ-სახელმწიფო. მოსახლეობის თითქმის 40% ცხოვრობს დედაქალაქში, კომერციული აქტივობის 80% ასევე თავმოყრილია თბილისში, რაც უპრეცენდენტოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იწვევს, არა მხოლოდ ცალკეული სოფლების, არამედ მთელი რეგიონების დაცარიელებას.
იმავდროულად, გაწყვეტილია კავშირი ქვეყნის ორ სტრატეგიულ ნაწილს - დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. საქართველოში ყოველთვის არსებობდა ტრადიცია, როცა ქვეყანას ჰქონდა პოლიტიკური ცენტრი, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. აქედან გამომდინარე, ქუთაისითვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭება არის როგორც კონკრეტულად ქუთაისის გამოცოცხლებისათვის ერთგვარი სტიმული და წახალისება, ასევე დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის დისლოკაცია,“ - განაცხადა კახა კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






