პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანდრეი ჰუნკო.
კახა კუკავამ ევროპელ პარლამენტარებს გააცნო, როგორც ქართულ მედია-გარემო, სადაც რეალურად მხოლოდ სამი კანდიდატი შუქდება: ვაშაძე, ბაქრაძე და ზურაბიშვილი - აგრეთვე დაფინანსების კუთხით არსებული ვითარება, სადაც ქართული ბიზნესი, ასევე, მხოლოდ ზემოაღნიშნულ სამ კანდიდატს აფინანსებს.
„რეალურად ეს არის მონოპოლია, სადაც ერთმანეთის 3 სატელიტი კანდიდატი ცდილობს დანარჩენი კანდიდატებისათვის არაკონკურენტული გარემოს შექმნას" - განაცხადა კუკავამ.
შეხვედრაზე კახა კუკავასთან ერთად იმყოფებოდა „ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი, რომელმაც ევროპელ სტუმრებს გააცნო ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, საიდანაც აშკარად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური ჯგუფის მცდელობა, ერთის მხრივ, ხელში ჩაიგდოს თამბაქოს ბიზნესი საქართველოში, ხოლო მეორეს მხრივ - დაფინანსების წყარო მოუსპოს დამოუკიდებელ ტელევიზია „იბერიას".
ევროპულ მხარეს გადაეცა ზემოაღნიშნული პროცესის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერები თანდართული ინგლისური თარგმანებით.
მასალის გამოყენების პირობები






