საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიულერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.
როუზ გოტმიულერმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება:
„ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მომზადებას წევრობისთვის. საქართველოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება.
მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ბედნიერი ვარ გამოვაცხადო, რომ ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორისაა.
თქვენ გაქვთ პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, ეკონომიკური განვითარებისა და უფრო ეფექტური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, შეირაღებული ძალების მოდერნიზებით. გირჩევთ ამ გზის გაგრძელებას, ვინაიდან ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე.
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რუსეთის სამხედრო ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვისისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საქართველოსთვის“, - განაცხადა როუზ გოტემოლერმა.
მასალის გამოყენების პირობები






