პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის შეფასებით, "ეკლესია და საპატრიარქო უნდა იყოს ნეიტრალური და საარჩევნო პროცესებისგან არსებითად გამიჯნული,".
„მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეკლესია უნდა იყოს საარჩევნო პროცესებისგან არსებითად გამიჯნული და ეს იყო ამ განცხადების პათოსი. მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპისგან, თუმცა ეს არ ცვლის პატრიარქის და საპატრიარქოს სულისკვეთებას. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირთა მხრიდან, რომლებიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ალბათ, ეს არ არის სწორი. პატრიარქს ჰქონდა ბუნებრივია ამაზე რეაგირება და ეს არის ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც ჩვენთვის საერთოა. ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის საერთო. ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში და ეს გამოიტახა პატრიარქის განცხადებაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. რაც შეეხება „დაპირისპირებას“ „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და იცით კარგად ვინ ავრცელებს ამ გზავნილს. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც კარგად ვიცით რა დამოკიდებულება ჰქონდათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წლებია უპირისპირდებიან ეკლესიას და რელიგიას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






