რაც ყველაზე მთავარია, ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს მთავრობა, თუმცა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას მაინც ჯიუტად აგრძელებს, რაც დარგის სპეციალისტებს უჩენთ გონივრულ ეჭვს, რომ მეგაპროექტების განხორციელების უკან კონკრეტული მაღალჩინოსების პირადი ინტერესი დგას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ მშენებლებს კაპიტულანტური ხელშეკრულებები დაუდო.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ეკოლოგიური საფრთხეების პარალელურად, ქვეყნის ისედაც მწირი ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის დაკარგვა გარდაუვალია, მოსახლეობა კი ელექტროენერგიის მკვეთრ მატებას მომდევნო წლიდან იგრძნობს.
პროგნოზი არადამაიმედებელი და ყურადსაღებია - "მწვანე ალტერნატივის" წევრი, დავით ჭიპაშვილი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია 27,5-მდე გაიზარდოს.
როგორც ირკვევა დასკვნის მომზადება მსოფლიო ბანკს ფინანსთა სამინისტრომ დაუკვეთა. უწყება 17 გვერდიან დოკუმენტს მალავდა, თუმცა 2018 წლის დასაწყისში მომზადებულმა დასკვნამ დღის სინათლე საბოლოოდ მაინც ნახა.
"ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს კვლევა მომზადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით. ამ კვლევის მიზანი იმ ფისკალური დანახარჯებისა და ტარიფზე ზემოქმედების შეფასება იყო, რაც კონკრეტულად ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შეეხებოდა, კერძოდ, რა დანახარჯი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას ფისკალური თვალსაზრისით და რა ზემოქმედებას იქონიებდა ეს ტარიფზე.
კვლევის თანახმად, იმის გამო, რომ ამ პროექტებში მაღალტარიფიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დევს, განსაკუთრებით ძირითადი და მთავარი აქცენტი არის გადატანილი ნენსკრა ჰიდროელექტროსადგურზე. როგორც ამ კვლევიდან ჩანს, პრაქტიკულად ეს არ არის ფიქსირებული ტარიფი, ეს არის მზარდი ტარიფია, ანუ ყოველწლიურად ფასი უნდა გაიზარდოს ელექტროენერგიაზე. ეს აუციელებლად იმოქმედებს ერთის მხრივ ტარიფზე, აქ არამარტო ნენსკრა ჰესი, არამედ ყველა დიდი ჰიდროელექტროსადგური იგულისხმება, თუმცა ლომის წვლილი მოდის ნენსკრაზე, ვინაიდან მისი გამომუშავება არის დაგეგმილი, რომ მილიარდ ორასი მილიონი, ანუ დღეს არსებული ტარიფიდან 12,5 თეთრიდან უკვე 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ფასი შესაძლოა გაძვირდეს 27, 5 თეთრამდე“- აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაკეთებულია ძალიან საინტერესო შეფასებები, გაანალიზებულია ქვეყნის ენერგომოხმარების ზრდის დინამიკა, სხვადასხა სცენარებით.
„სამწუხაროდ, რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს ენერგომოხმარების დინამიკა, აღნიშნული გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების გამო მივიღებთ შემდეგ სურათს, იმ დროისთვის გვენება უფრო მეტი გამომუშავება და მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის დენს გავიტანთ ექსპორტზე, ჩვენ დაგვრჩება ჭარბი ელექტროენერგია და ამ ჭარბ ელექტროენერგის გამო მაინც მოგვიწევს ინვესტორებისთვის საკმაოდ მაღალი თანხის გადახდა.
ნენსკრას რაც შეეხება, დოკუმენტში შეფასებულია 2018-23 წლისათვის, როცა ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა, დათვლილია რა თანხის გადახდა მოგვიწევს ჩვენ ინვესტორისთვის და ეს თანხა განისაზღვრა 5 632 000 000 ლარად, ეს კი აუცილებლად აისახება ტარიფების ზრდაში, და თუ ტარიფში არ აისახება, შექმნის ფისკალურ დანახარჯებს თავად ბაზრის კომერციული ოპერატორისთვის, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ამ ნაწილის დაფარვა“- განმარტა ექსპერტმა.
დავით ჭიპაშვილი „ნიუპოსტთან“ მსოფლიო ბანკის დასკვნაში ასახულ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სავალუტო ფონდის შარშანდელ დასკვნაში არ იყო დათვლილი.
„ეს უკავშირდება სავალუტო კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებულ ფისკალურ დანახარჯებს, რადგან ამ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებში გაფორმებული ტარიფი (ეს ყველა ჰესს ეხება) გათვლილია დოლარში, ხოლო იმის გამო, რომ კურსის ცვალობადობა არის ლართან მიმართებით, შესაძლებელია 2023-26 წლების პერიოდისთვის ნენსკრა ჰესის შემთხვევაში, ამ კურსის ცვალობადობიდან გამომდინარე ფისკალურმა დანახარჯებმა შეადგინოს 350 დან 500 მილნ. ლარზე მეტი, გამოდის რომ სახელმწიფოს მოუწევს ზედმეტის გადახდა"- აცხადებს დავით ჭიპაშვილი.
ექსპერტის განცხადებით, პროგნოზი ძალიან რთულია, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებულია.
"ეს ყველაფერი ან სახელმწიფო ბიუჯეტს ან ტარიფს უნდა დააწყვეს, რაც ცუდად დააწვება მთლიანად ეკონომიკას , იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი ჯერ ისედაც იზრდება კომერციული სუბიექტებისათვის და ეს გაზრდილი ფასი ნეგატიურად აისახება მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზე, გაძვირებაზე და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ არაკონკურენტუნარიანს ხდის ჩვენს ეკონომიკას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით“- განმარტავს ჭიპაშვილი.
მისივე შეფასებით, ყველა ქვეყანაში ფასების დინამიკა არის კლებადი, ხოლო საქართველოში მკვეთრად იწყებს ზრდას უკვე მომავალი წლიდან. ექსპერტი აღნიშნულ ფაქტს სწორედ ამ გარანტირებული შესყიდვებს უკავშირებს.
„დოკუმენტში ასევე საუბარია ელექტროენერგიის ფასების დინამიკაზე, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში არსებობს. კვლევის თანახმად, რუსეთში ელექტროენერგიის ფასი 3,5 ცენტიდან 2 ცენტამდე შემცირდა. 8,5 ცენტიდან 4,5 ცენტამდე თურქეთში და აღმოჩნდა რომ ჩვენ რეგიონში გვექნება არათუ ყველაზე მაღალი ტარიფი, არამედ რამდენჯერმე მაღალი ტარიფი, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებს გააჩნიათ"- თქვა ჭიპაშვილმა.
მისი თქმით, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მთავრობამ იცის, თუმცა გიგანტური ჰესების მშენებლობას აგრძელებს, რაც გონივრულ ეჭვებს ბადებს, რომ შესაძლებელია ამ ჰესების უკან კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთებოდეს.
"მთავრობა ვეღარ გაიმართლებს თავს, რომ ეს ჰიდროელქტროსადგურები წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველს. ჩვენი ორგანიზაცია გამუდმებით ვუსაბუთებდით, რა რისკებს ატარებს გიგანტური ჰესების მშენებლობა, თუმცა მათგან ვიღებდით, რომ ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებდით. ახლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადასტურდა ის, რაზეც ბოლო წლებია ვსაუბრობთ.
ამასთან, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა - საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი თურნავა, რომელიც გახლდათ ნენსკრა ჰესის მშენებლობის მშენებლობის ხელშეკრულების ერთ-ერთი ინიციატორი, ნაცლად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულების დადების გამო გამოძიება დაწყებულიყო, დღეს ის დააწინაურეს და წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. აქ გონივრული ეჭვები უამრავი შეიძლება გამოითქვას. კითხვა - რა ინტერესი აქვთ მათ გიგანტური ჰესების მშენებლობის საქმეში, ეკუთვნით მათ"- აღნიშნა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






