„შეგნებულად დღეს გამომწვევად მოვიდა საკრებულოს სხდომაზე, დაუწყო ძალიან შეუფერებელი საქციელი ჩვენს საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, ბატონ საღინაძეს, მოსთხოვა მას გამოსულიყო მასთან ერთად გარეთ და გამოსვლის დროს, ფაქტიურად, მოხდა მისი მხრიდან შეგინება და ხელის გარტყმა. ეს დაფიქსირებულია კამერებში. ეს კაცი არის პროვოკატორი. ჩამოვედით, მერიის წინ შეგვხვდა და მეუბნება. ბატონო ალეკო, თქვენ ხართ უხუცესი წევრი და კარგად იცით ეს, რომ მე დღეს შეგნებულად გავილახე, ასე იყო პოლიტიკურად საჭირო. ეს არის მისი სახე,“ - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ალექსანდრე ახალაძემ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია კი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრები ყველანაირად ცდილობენ მშვიდი გარემოს შენარჩუნებას.
„ჩვენ ჩვენის მხრიდან, ყველანაირად ვცდილობთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალურად თმენის ვალდებულება, თუმცა ინციდენტი, რომელიც მოხდა, უკავშირდება იმ პროვოკაციებს, რომელსაც პერმანენტულად აწყობენ ჩვენი ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათი მიზანია, რა თქმა უნდა, არიონ წინასაარჩევნო მშვიდი გარემო,“ - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ქუთაისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამბობს, რომ მას თავს ”ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა სათინაძე დაესხა. დეპუტატის ცემაში საკრებულოს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.
გიორგი უკლება ირწმუნება, რომ მმართველი პარტია მას სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუსწორდა. უკლება ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გაღიზიანება ასევე გამოიწვია ქუთაისის მერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებამაც, როცა უკლებამ ქუთაისის მერს უვიცი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






