ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.
ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში, შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
“მე გთავაზობთ, ახალ წლამდე გადავწიოთ ბრძანებადა გავმართოთ ერთმანეთთან მოლაპარაკებები, იმისთვის რომ შევჯერდეთ გამოსავალზე. მე თქვენ გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, ამიტომ სრულად საკმარისი პერიოდია 3 თვე და 10 დღე იმისთვის, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. რა იცით რა ხდება, იქნებ გადავაკეთოთ ბრძანება, ან სულაც გავაუქმოთ” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მძღოლებთან შეხვედრისას.
მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში.
მასალის გამოყენების პირობები






