როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე.
საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშრდა, რომელიც გახარიას რეფორმას "საბჭოურ მოდელს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი აღდგენა დაუშვებელია:
„არ უნდა დავუშვათ ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული საბჭოური მოდელი. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ, საქართველომ ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სამართალდამცავ სტრუქტურებში. ერთ-ერთი რეფორმა ეხებოდა იმას, რომ საგამოძიებო სტრუქტურები გადავიდნენ ე.წ. ანგლო-საქსურ მოდელზე, რომელიც გულისხმობს ოპერატიული მუშაობის, საგამოძიებო მუშაობის, საპროკურორო ზედამხედველობის მაქსიმალურ დაახლოებას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომელიც გატარდა 2004 წელს.
ამ რეფორმის არსი და მნიშვნელობა იყო ზუსტად იმაში, რომ უარი გვეთქვა საბჭოურ მოდელზე, რომელიც შევარდნაძის წყალობით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა საქართველოში და მოქმედებდა 2004 წელსაც.
ყველა ადამიანმა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა - როდის მუშაობდა პოლიცია უფრო კარგად, შევარდნაძის დროს თუ მიხეილ სააკაშვილის დროს? 100-დან 100 ადამიანი ხომ იტყვის, რომ ბუნებრივია პოლიცია მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის დროს უკეთესად? ეს არის უტყუარი არგუმენტი, რომ პოლიციის ის რეფორმა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ 2004 წელს, იყო წარმატებული.
რასაც ახლა გვთავაზობენ, ჩვენ ბრჭყალებში - რეფორმის შეფუთვით, არის დაბრუნება საბჭოურ მოდელზე. აქ მკაფიოდ არის გამოყოფილი პუნქტი, რომ უნდა აღდგეს ე.წ ოპერების ინსტიტუტი. მე თავად გახლავართ იურისტი და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი იურისტი ვარ, ვმუშაობდი „ამერიკელ იურისტთა ასოციაციაში“ და ამ კუთხითაც საკმაო გამოცდილება გამაჩნია, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ამ თემაზე ვისაუბრო“, - აღნიშნავს შაშკინი.
მისივე განცხადებით, მსგავსი ინსტიტუტი 90-იან წლებში საქმეების გამოძიებისას პრობლემებს წარმოშობდა და ადგილი ჰქონდა მრავალ უსამართლობას:
„ვინც ცხოვრობდა საქართველოში 90-იან წლებში და ვისაც ახსოვს, როგორ თარეშობდნენ ოპერები საქართველოში, საქმეები როგორ არ იხსნებოდა და კრიმინალური სიტუაცია რას გავდა მაშინ, ყველა იმ ადამიანს ახსოვს ეს ტერმინი - ოპერი, ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული ძალადობით, ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული არაკანონიერი საქმიანობით. უმრავლეს შემთხვევაში ასე იყო.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ოპერების ინსტიტუტი გავანადგურეთ, რადგან საქმის გამოძიების პირობებში არ შეიძლება სხვადასხვა უწყებებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის არიდების მომენტი. შევარდნაძის დროს ოპერი იყო დაინტერესებული მხოლოდ ცხელ კვალზე საქმის გახსნით, მას საერთოდ არ აინტერესებდა მტკიცებულებების შეგროვების საკითხი, არ აინტერესებდა ეს მტკიცებეულებები იქნებოდა სწორი თუ არა პროცესუალურად სასამართლოზე. ისიც კარგად გვახსოვს, უმეტეს შემთხვევაში თუ რითი იყო დაკავებული ოპერი - ეს იყო ვიღაცისთვის წამლი ჩადება... მტკიცებულებების შეგროვება იყო იმდენად ცუდ დონეზე აყვანილი, რომ სასამართლოს დროს, კორუმპირებულ მოსამართლეებს არც სჭირდებოდათ ქრთამის აღების „გაპრავება“, იმიტომ რომ მტკიცებულებები, რასაც ოპერები აგროვებდნენ, იყო ძალიან სუსტი“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.
მისივე თქმით, ე.წ. ოპერების ინსტიტუტი, ესაა გადაბრალების ინსტიტუტი, რომლის აღდგენა დაუშვებელია.
" ეს არის ძალიან საშიში, ეს არაფერ კარგს არ მოუტანს ქვეყანას, რადგან დავბრუნდებით იმ დროში და ვითარებაში, როდესაც პროკურორი აბრალებდა გამომძიებელს, გამომძიებელი - ოპერს, ოპერი დააბრალებდა გამომძებელს, არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ იყო და ა.შ. ჩვენ ეს მოდელი 2004 წელს გავანადგურეთ, რადგან ოპერატიული სამუშაო გულისხმობს იმას, რომ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიტანოს მოსამართლემ საკუთარი ვერდიქტი, უნდა იყოს დაცული. იმ ადამიანს, რომელიც ამ მტკიცებულებებს იღებს, უნდა ჰქონდეს ინტერესი, რომ ყველა ნორმის დაცვით შეასრულოს მტკიცებულებების ამოღება, რათა მერე სასამართლოში არ დადგეს პრობლეა მტკიცებულებების მიღება-არმიღების.
ახლა რასაც გვთავაზობენ, ეს არის გადაბრალების ინსტიტუტის და საბჭოური სისტემის აღდგენა.
ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს სისტემა მუშაობს არის რუსეთი. გამომძიებელი არის იურისტი, მას ესმის, რომ მისი მხრიდან უკანონო საქმიანობამ, შესაძლოა გამოიწვიოს მისი პასუხისმგებლობა, ანუ გამომძიებელს აქვს შემაკავებელი ფაქტორები, მას ესმის, რომ დაუსჯელი არ დარჩება თუ დაარღვია კანონი. მაგრამ ოპერი არის ადამიანი, რომელსაც იურიდიული განათლება უმრავეს შემთხვევაში არ გააჩნია, ის არის ადამიანი, როემლიც ბევრად უფრო მარტივად ჩაუდებს ვიღაცას წამალს ჯიბეში და ამ ჩადებებით მიაღწევს რაღაც კონკრეტულ ე.წ. მტკიცებულებებს“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






