"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში კორუფციული სქემის შესახებ იცოდა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ.
"არაერთი განცხადება გაგვიკეთებია ზუგდიდის ყოფილი მერის, ვიცე-მერის და ყოფილი გუბერნატორის კორუფციული გარიგებების შესახებ. ვთვლით, რომ ბიზნესმენ კვირკვიას საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რაშიც ისინი მონაწილეობდნენ და არსებობს მთელი რიგი გახმაურებული საქმეები, რაზეც შეტანილი გვაქვს განცხადებები სუს-ში და პროკურატურაში. ეს საკითხებია "ატკატები", ტენდერები, აუქციონები, ფილების საქმე, ზუგდიდის ბაზრის, ყინულის სახლის და სხვა. პასუხი უნდა აგონ არამხოლოდ ყოფილმა მერმა და ვიცე-მერმა, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. სწორედ წოწერია და საკრებულოს უმრავლესობა იყო ის ორგანო, რომელიც მერის ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ უჭერდა მხარს. ვთვლით, რომ ყველა ეს კორუფციული სქემა ამ საკრებულომ გაიარა. უმრავლესობის წევრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის ყველა სამსახურის და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი“, - აცხადებს ანა წითლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






