რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს, რუსეთის საპატრიარქოში განმარტავენ, ეს ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს, თუმცა აცხადებენ, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში“ იძულებულები იქნებიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი სრულად შეწყვიტონ, პასუხისმგებლობას კი პირადად კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს და მის მხარდამჭერ ეპისკოპოსებს აკისრებენ.
სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:
1. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ღვთისმსახურებაზე ლოცვითი მოხსენიება.
2. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება;
3. შეჩერდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ყველა საეპისკოპოსო შეკრებაზე, საღვთისმეტყველო დიალოგებში, მრავალმხრივ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებში, სადაც მონაწილეობენ ან თანამონაწილეობენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები.
4. მიღებულ იქნას წმიდა სინოდის განცხადება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს უკრაინაში ანტიკანონიკურ ქმედებებთან დაკავშირებით.
რუსეთის საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევში, საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა, რომელთაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი მომზადება ევალებათ.
მასალის გამოყენების პირობები






