საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად მტავრობა მუშაობს მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელცი საშუალებას იძლევა მომავალი წლიდან შეღავათები მიეცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით არიან დაკავებული:
„ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა.
ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს. ტრანსპორტი და ენერგეტიკა გახლავთ სწორედ ის ორი დარგი, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






