აღნიშნული კანონპროექტი შეტანილია ისაქართველოს პარლამენტის 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარსადგენ კანონპროექტის მოკლე აღწერაშია ნათქვამი პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები. ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა.
კანონპროექტში ჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც წვევამდელმა საკონტრაქტო სამსახური შეიძლება გაიაროს მხოლოდ მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას იძლევა აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.
ამასთანავე კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს რის შემდეგაც, შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობა, გასაწვევი პირის ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის შეცვლით ან 14 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ პირის გაშვილების შემთხვევაში. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველი ვეღარ გახდება სტუდენტის სტატუსის ქონა კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში.
კანონპროექტით, ასევე, ხდება შესაბამისი ჩანაწერის ამოღება, რის შემდეგაც, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე და საქართველოში მცხოვრები/მომუშავე პირების მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის საკითხები ერთგვარად დარეგულირდება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონიდან ხდება ჩანაწერის ამოღება, რომლის მიხედვითაც წვევამდელი, რომელსაც სურს რომ ისარგებლოს გადავადების უფლებით, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში. აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად. გარდა ამისა, კანონპროექტით ზუსტდება ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო სამსახურში დანიშვნისას დასაწესებელი შეზღუდვები, მოქალაქეთა სამხედრო აღიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საერთო კოორდინაციის განმახორციელებელი ორგანო, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ბრძანების გამოცემისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადები.
ცვლილებების შეტანა მოსალოდნელია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში “ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებას. კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სავალდებულოა კანონით დადგენილი პირებისათვის. თუმცა, პრაქტიკული შემთხვევების გათვალისწინებით, ხშირად ხდება აღნიშნული ვალდებულების მოხდისათვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა. კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, დაწესდება პასუხისმგებლობას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხოლო, ჯარიმად განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარი. ზემოხსენებულ ქმედებებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება ენიჭება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ხოლო, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთის საკითხი. კერძოდ, მოსაკრებლის გადახდის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი უნდა შემცირდეს და ნაცვლად 18 თვისა, უნდა განისაზღვროს 12 თვით. აღნიშნული განპირობებულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვადასთან დაკავშირებით, კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ სამხედრო სამსახურის ვადასთან. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ ორჯერ სარგებლობას, მაგრამ არაუმეტეს 25 წლის ასაკისა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება პირი 18-დან 27 წლის ასაკამდე. წინამდებარე კანონის მოქმედი რედაქციით კი გადავადების უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 25 წლამდე. 25 წლიდან 27 წლამდე პერიოდი კი რეგულირების მიღმა რჩება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახლებურად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ვადა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება შესაძლებელი იქნება 12 თვით. ხოლო, აღნიშნული უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება მხოლოდ ორჯერ. კანონპროექტის თანახმად, მცირდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი 18 თვიდან 12 თვემდე. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს და შეესაბამება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურის ვადას, რომელიც შეადგენს 12 თვეს. გარდა ამისა, კანონპროექტით ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისას ასაკობრივი დათქმის - „არაუმეტეს 25 წლის ასაკისა“ ამოღება. რის შედეგადაც, აღნიშნული უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება ორჯერ, 27 წლის ასაკამდე.
მასალის გამოყენების პირობები






