ექსპორტის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, მთავრობა განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და ასე გამოვლინდება ლიცენზიანტი, რომელსაც საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის უფლება მიენიჭება. სალიცენზიო პირობებით განისაზღვრება კანაფის წარმოების გეოგრაფიული არეალი და წლიური ოდენობაც.
როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. ამასთან, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით.“ - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






