„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისია დატოვეს. ენმ-ს წევრების განცხადებით, წინასწარ არის გაწერილი იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად უნდა აერჩიათ. საოლქო კომისიის სხდომას სამგორში დაესწრო თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც გააპროტესტა დამოუკიდებელი წევრების შერჩევის პროცესი.
„ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ ცესკო-ში ნეიტრალურ წევრებად და ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეაში, რომ მიმდინარეობს პროცესები, ისეთი პროცესია აქ. ყველანი ბრმად აუწევენ ხელს იმ 6 კომისიის წევრს, რომელიც მოუვიდათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად საოლქო კომისიის წევრები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებს ნიშნავენ:
„ბოლნისის შემთხვევა არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გამგებლის ოჯახის წევრები, სიდედრი, ცოლის ძმა, სხვა ნათესავები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ბატონი ვიქტორ ისიანის ცოლის ძმა, ბიძაშვილი, ნათესავები, მეუღლე და ა.შ. კონკრეტული სია გვაქვს, დაახლოებით, 25 კაციანი სია, სადაც ეს ოჯახის წევრები იქნებიან დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიაში და საერთოდ, რა ობიექტურ არჩევნებზე იქნება საუბარი ამ ადამიანების ხელში,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე „ტოტალური გაყალბებისთვის“ მზადებაზე საუბრობს.
„შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოში მიმდინარეობს ამ სიების გაცხრილვა, მათთვის სასურველი პირები, ვინც კონკრეტულად გააყალბებს უბნებს, იდენტიფიცირებულ ამომრჩევლებს, ვინც არ არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები გაუყალბებენ ბიულეტენებს, არ მოუწერენ ბიულეტენებზე ხელს, არ დაურტყამენ ბეჭედს, უბათილებენ ბიულეტენებს,“ - განაცხადა ქათამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






