„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს.
პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.
უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს. „ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ აღნიშნული კანონის მიღებით სწორედ ივანიშვილი იხეირებს, რადგან მარიხუანის ექსპორტის ექსკლუზიური ლიცენზია სწორედ ექსპრემიერის ოჯახს ექნება.
სამთავრობო წყარო ამტკიცებს, რომ დაახლოებით სამი თვის წინ ივანიშვილმა უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანა საქართველოში. კონსულტაციებში კი ექსპრემიერის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი პირადად იყო ჩართული.
უკვე გადაწყვეტილია, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყების ექსკლუზიური ლიცენზია მხოლოდ ივანიშვილს ექნება. ექსპრემიერს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.
ფაქტი, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის „ნიუპოსტთან“ ადასტურებს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ინიციატივაში ჩადებულია შეზღუდვების შემოღების პუნქტიც, რომელიც მარიხუანას მოხმარების წესების გამკაცრებას გულისხმობს.
კერძოდ, დეპუტატის თქმით, მარიხუანას მოწევა სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია.
ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ მარიხუანას კულტივაცისას საუბარია სამკურნალო მარიხუანას მოყვანაზე, მხოლოდ ექსპორტისათვის.
„გაჩნდა საკითხი, სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანას კულტივირებაზე და მის ექსპორტზე გატანის საკითხზე. საუბარია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებაზე, რომელიც მკაცრ კონტროლს ექვემდებარება“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






