ტიურინის ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური ავრცელებს, თუმცა ამ დრომდე არაფერი თქმულა საქართველო სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მისი ექსტრადირების გადაწყვეტილების შესახებ.
„ქართულ ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილის თანამზრახველს საქართველოში, 35 წლის მოსკოველს ანდრეი ტიურინის ინტერესებს ადვოკატი პავლე აბაიძე იცავდა.
თუმცა უფლებადამცველი რეზონანსულ საქმეზე მედიასთან არ საუბრობს, რადგან მისი თქმით, ანდრეი ტიურინმა მას ჟურნალისტებთან კონტაქტი და საქმის შესახებ საუბარი აუკრძალა.
ადვოკატი არც იმას აკონკრეტებს, თუ ვინ დაიქირავა ის ტიურინის ინტერესების დამცველად.
რუსეთის მოქალაქე 35 წლის ანდრეი ტიურინს კიბერდანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. კერძოდ კი, ის ეჭვმიტანილია ამერიკის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებთან კავშირში, რომლის შედეგადაც, 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის დეკემბერში დააკავეს და მას წინასაექსტრადაციო პატიმრობა რამდენჯერმე გაუგრძელდა. 2018 წლის 12 სექტემბერს მას პატიმრობის ვადა ეწურებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 10 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ტიურინის ექსტრადირების შესახებ. ტიურინის ადვოკატი კი უზენაეს სასამართლოსგან ამ განჩინების გაუქმება ითხოვდა. ადვოკატი მიიჩნევდა, რომ ბრალდებული არ უნდა გადაეცათ აშშ-სთვის, რადგან დანაშაული არ იყო ჩადენილი ამერიკის ტერიტორიაზე, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში მოქმედებს სიკვდილით დასჯის კანონი.
უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, რადგან დანაშაული, რომელიც ტიურინის მიერ არის ჩადენილი ითვალისწინებს არა სიკვდილით დასჯას, არამედ 30 წლით პატიმრობას.
ამერიკული სამართალდამცველი უწყებების მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინის ექსტრადირება აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 7 სექტემბერს მოხდა.
როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ის მხარის გარდა ტიურინის ექსტრადაციას რუსეთიც ითხოვდა, თუმცა საქართველომ იგი ამერიკელებს გადასცა.
საქართველოს პროკურატურაში "რია ნოვოსტის" განუცხადეს, რომ ტიურინთან ერთად რუსეთის სხვა მოქალაქეები დაკავებულები არ არიან, თუმცა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატის, არკადი ბუკის განცხადებით, საქართველოში შსაძლოა დაკავებული იყოს კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე
"ნიუპოსტი" კომენტარისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.
"ძებნილი ანდრეი ტიურინის საქართველოში დაკავების შემდეგ აშშ-ის გარდა მისი ექსტრადირება რუსეთმაც მოითხოვა. სასამართლომ დასაშვებად ცნო ტიურინის ექტსრადირება ორივე ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი"- აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება ტიურინთან ერთად კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობას, მთავარი პროკურატურა ამ ფაქტს არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






