,,კრემლის უცვლელი პოსტულატი იყო და არის: - ან მე, ან დასავლეთი და ნატო,,.
პოზიცია - 19:56, 04 Nov, 2012     2677

 

არჩევნები

ბატონო გიორგი, 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რასაც წინ უძღოდა ძალიან მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი. არჩევნების შედეგად კოალიციაქართულმა ოცნებამგაიმარჯვა. ეს შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნო და მისი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობისოპოზიციაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. არჩევნები დემოკრატიულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. წინასაარჩევნო პერიოდში ექსპერტების ნაწილის პროგნოზები არაოპტიმისტური იყო, თუმცა, საქართველოში პირველად კონსტიტუციის ფარგლებში, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყო. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი და იქცევა თუ არა ეს ევროინტეგრაციისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად?

ჩემი აზრით, დღეს უკვე უდავოა, რომ არჩევნების შედეგებს როგორც დადებითი, ისე, გარკვეულწილად, უარყოფითი მხარეები გააჩნია. ცხადია, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დემოკრატიულ გადაბარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ისტორიული პრეცენდენტის შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი ეტაპია. საჭიროა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაიცვას დემოკრატიული თამაშის წესები, და, გარდა ამისა, ოდნავ მაინც გაამართლოს მოსახლეობის იმედები, რათა ხალხმა პრაქტიკაზე იგრძნოს საკუთარი გადაწყვეტილების ნაწილობრივი სისწორე მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვემუქრება იმედგაცრუების ახალი ტალღა, რომელიც, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ისტორიის ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ისევ ჩაითრევს ქართველ ხალხს ანარქიის, და ამის შედეგად გამოწვეული პოლიტიკური აპათიის მორევში. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელ მოვლენათა განვითარება, მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩემს ამ ეჭვს.

 

ნაციონალური მოძრაობისარჩევნებში დამარცხდა - რა იყო ის მთავარი ფაქტორები, რომელმაცნაციონალური მოძრაობისმარცხი განაპირობა?

 

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მიზეზთა მთელ კომპლექსთან, რომელთაგანაც შევეცდები შევჩერდე მხოლოდ ძირითადზე. მმართველობის 9 წელი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ მოსახლეობას ფსიქოლოგიურად გაუჩნდეს ე.წ. „ხელისუფლების ცვეთის“ სინდრომი, რაც თავისთავად გულისხმობს მისი შეცვლის აუცილებლობას. საქართველოში ეს ფენომენი, კიდევ უფრო გააძლიერა მმართველი გუნდის უაღრესად ძლიერი პერსონიფიკაციის ტენდენციამ. ფაქტობრივად, პრეზიდენტმა საკუთარ თავზე აიღო იმ ფუნქციათა შესრულება, რაც სავსებით შეეძლო გადაებარებინა საკუთარი გუნდის სხვა წევრებისთვის. სააკაშვილის ტელეეკრანებზე სისტემატურმა გამოჩენამ, როცა ეს სრულებითაც არ იყო გამოწვეული რეალური აუცილებლობით, მოსახლეობის დამატებითი გაღიზიანების ფაქტორი გახდა. უდიდესი როლი ითამაშა იმანაც, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ფრიად მნიშვნელოვანი პროექტები, ხშირად იყო გათვლილი არა მახლობელ, არამედ საკმაოდ შორეულ პერსპექტივაზე, რამაც საბაბი მისცა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, ხელისუფლების ეს წამოწყებები, არც თუ უშდეგოდ, მოსახლეობის თვალში „ფასადურ“ ინიციატივებად მოენათლად. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ დიდი დაგვიანებით მოახდინა იმ პროექტებზე კონცენტრაცია, რომელთაც შედარებით მოკლე ვადაში შეეძლოთ რაიმე გავლენის მოხდენა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, რაც უდავოდ ძლიერი სვლა იყო ხელისუფლების მხრიდან, უნდა მომხდარიყო არა 2012 წლის შემოდგომაზე, არამედ, მინიმუმ სამი წლით ადრე. სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი მისეული მიდგომის დროული გამოჩენის შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ შეეძლო ვითარების შეცვლა საკუთარი თავის სასარგებლოდ.

ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო დაპირებათა იმდენად ჭარბ და უპასუხისმგებლო გაცემას, რომ მოსახლეობა უბრალოდ შეცდენილ იქნა ამგვარი „გულუხვობით“. მე სავსებით ვეთანხმები ბ-ნ გია ნოდიას იმაში, რომ ამ არჩევნებზე დიდი როლი ითამაშა ფულის ფაქტორმა, თუმცა ამას ასე დავაზუსტებდი: - გასულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა არა იმდენად თავად ფულმა, რამდენადაც მისმა დემაგოგიურმა დაპირებამ.

 

საგარეო პოლიტიკა

ქართული ოცნებისლიდერი ბიძინა ივანიშვლი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაარეგულირებდა: რუსული ბაზრის გახნა და კულტურული ურთიერთობები. არჩევნების შემდეგაც განცხადებები ივანიშვილის მხრიდან იდენტურია, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ აუცილებლად გაარძელებს ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით სვლას. რეალობა ასეთი გვაქვს: საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ არის ოკუპირებული.  „ნაციონალური მოძრაობადა მათ შორის დანარჩენი პროდასავლური პოლიტიკური ძალების განცხადებით, დეოკუპაციის საკითხის გარეშე შეუძლებელია რუსეთთან დიალოგი ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აქვე ძალზედ საინტერესო განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ოკუპაციის შესახებ მიღებული კანონი უნდა გაუქმდეს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიუღებლობაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ამავდროულად ნატოში გაწევრიანება რამდენად ლოგიკურად და რეალისტურად მიგაჩნიათ?

 

სანამ რუსეთის სათავეში პუტინი დგას, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეს ცალსახად კრემლის განსაკუთრებული გავლენისა და ინტერესების სფეროდ განიხილავს, მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარება ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის ფონზე უბრალოდ არარეალურია. ამ მხრივ, კრემლის უცვლელი პოსტულატი იყო და არის: - ან მე, ან დასავლეთი და ნატო. 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაც ხომ სწორედ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის შესაჩერებლად იყო განხორციელებული.

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ თავის დროზე მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა გაუქმდეს, ეს უბრალოდ კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთს ყოველი ძალით სურს მიაღწიოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას, რათა ამით, იქ განლაგებული სამხედრო ბაზების ლეგალიზაცია მოახდინოს. მაგალითად ამჟამად, ის უდიდეს პრესინგს ახდენს ბელორუსიაზე, რათა მინსკს გამოგლიჯოს ეს აღიარება. იმ შემთხვევაში, თუ კი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაუქმდება, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მის „არგუმენტებს“ ამასთან დაკავშირებით მეტი წონა შეეძინება: - შეხედეთ, თავად ქართველები არ განიხილავენ რუსებს ოკუპანტებად.

 

ქართული საზოგადოების ნაწილს რუსეთი ჯერ კიდევ მეგობარად (ერთმორწმუნე ერად) მიაჩნია. არის თუ არა საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოება გარანტირებული რუსეთთან ურთიერთობის პირობებში, თუ ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი გარდატეხა, რომ საზოგადოება მიხვდესდასავლეთი არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაერთადერთი გარანტი ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების?

პუტინის რეჟიმისათვის ერთადერთ ვარიანტად საქართველოს შეზღუდული სუვერენიტეტის კონცეფცია არის მისაღები, რომლის საგარეო, სამხედრო და უსაფრთხოების პოლიტიკა სრულებით კრემლის მიერ უნდა კონტროლდებოდეს.

ამავე დროს, მოსახლეობის ფართო ფენებში ბოლო დროს უზომოდ მოზღვავებული კლერიკალური ობსკურანტიზმიც, რომლის მიზეზთა პოვნა შორს წაგვიყვანდა, მნიშვნელოვანწილად ასრულებს მადეზორიენტირებელი ფაქტორის როლს, რომელიც ხელს უშლის მოსახლეობას, მკვეთრად გამიჯნოს საქართველოს ეროვნული ინტერესები წმინდა რელიგიური საკითხებისაგან. აუცილებელია ამ მიმართულებით ფართო კულტურულ-განმანათლებლური ბრძოლის გაშლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის გახლავთ, რომ მან, თავის დროზე, არ დაუთმო ამ საკითხს შესაბამისი ყურადღება.

 

ოკუპირებული ტერიტორიები

არჩევნებამდე, რეინტეგრაციის მინისტრობის განდიდატის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი ურთიერთობების დაწყებაა საჭირო. ამასთან, მისი მხრიდან ასევე გაკეთდა განცხადება აფხაზების და ოსების მხარეებად აღიარების შესახებ. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ზაქარეიშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ მას ასე არ უთქვამს. თქვენი აზრით, ზოგადად მიდგომა მხარეებად აღიარების შესახებ რამდენად სწორი პოლიტიკური გზავნილია საქართველოს მხრიდან? როგორ უნდა დარეგულირდეს ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და არის თუ არა ეს მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დამოკიდებული?

ამჟამად, როგორც აფხაზეთის, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოდან განცალკევებულად დე-ფაქტოდ არსებობა, მხოლოდ ამ ტერიტორიათა რუსეთის ჯარის მიერ ოკუპაციით აიხსნება. ერთმანეთს ნუ ავურევთ მოვლენის მიზეზს და შედეგს. საჭიროა, უბრალოდ დავუცადოთ რუსეთში პუტინის მმართველობის დასასრულს, რაც აუცილებლად გამოიყვანს მდგომარეობას იმ ჩიხიდან, რომელშიც ის ახლა არის შესული. აფხაზების და ოსების მხარეებად აღიარება კი, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ჩვენს მიერ გაუქმება, იქნება კიდევ ერთ დათმობად კრემლის პოლიტიკის მიმართ. მე არ უარვყოფ იმას, რომ სასურველი იქნებოდა არასამთავრობო დონეზე გარკვეულ ურთიერთობათა აღდგენის მცდელობა, მაგრამ ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა ამ მხრივ, მტკიცე უნდა იყოს. მთავარია, გაგრძელებულ იქნას ის კურსი, რომელსაც არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლება ატარებდა ერთის მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისა და მათი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მიმართ, მეორეს მხრივ კი, რუსული დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მე ამ მხრივ სრული პესიმიზმის განცდა დამეუფლა. პირველი კავკასიური ტელეარხის დახურვა, რომელიც, მართალია არა ყოველთვის თანამიმდევრულად, მაგრამ მაინც ასე თუ ისე უზრუნველყოფდა ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას როგორც ჩრდილოეთ კავკასიის, ისე მთლიანად რუსეთის მოსახლეობის მიმართ, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურებს იმედი აქვთ კრემლთან ახალი მორიგების. ფაქტობრივად, იმეორებენ პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომას, რომელსაც თავისი მართველობის პირველ ეტაპზე, ილუზია ჰქონდა რუსეთთან მოლაპარაკების საქართველოს ტრადიციული რეგიონალური ინტერესების ხარჯზე. როგორც ჩანს, ამას ისევ მოყვება თბილისის პოლიტიკის გადასინჯვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა და რუსული დემოკრატიული ძალების მიმართ, რაც საქართველოს დაუკარგავს იმ იმიჯს და პრესტიჟს, რომელიც მან ამ ბოლო წლებში დაიმკვიდრა ამ უკანასკნელთა შორის.

 

საზოგადოება

ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, მოხდა თუ არა ქართული საზოგადოების მენტალური გარდატეხა, ის, რომ დემოკრატიული არჩევნებით მოხდა მენტალური ცვლილება?

პოლიტიკური დაძაბულობა, ისევე როგორც ამ ბოლო დროს შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის სულ უფრო და უფრო ცხადი ნიშნები, სამწუხაროდ, თავად ბ-ნ ივანიშვილის და მისი კოალიციის სხვა ლიდერთა უპასუხისმგებლო დაპირებებმა გამოიწვიეს. დემოკრატიული პროცესი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება იმ დაპირებებს, რომლებსაც აკეთებს ამომრჩეველთა მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ამომრჩეველთა მასა თავად მიაწერს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას იმას, რისი აღსრულებაც შემდგომში შეუძლებელი არის, შესაბამისი პოლიტიკოსები აკეთებენ ამასთან დაკავშირებით აუცილებელ განცხადებებს. ვთქვათ სიმართლე: - ბოლო საარჩევნო კომპანიის დროს „ქართულმა ოცნებამ“ უხვად გასცა მოსახლეობას ხელზე ის თამასუქები, რომელთა აღსრულებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ახლა კი, როცა მოსახლეობა ამ დაპირებათა განაღდებას ითხოვს, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო და უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ ამ მხრივ. თავად „უბრალო ხალხის დიდი ქომაგი“ ივანიშვილი კი უკვე აცხადებს, რომ მოსახლეობაში სულ უფრო მზარდი უკმაყოფილება, რასაც თან სდევს ის ექსცესები, რომლებიც, საბოლო ჯამში, გვემუქრებიან გადაიზარდონ ფართო შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციაში, არა მისივე გუნდის არაადეკვატური წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხრიკებით არის გამოწვეული.

აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვაზე შემდეგი პასუხი შემიძლია გაგცეთ: - ქართულმა საზოგადოებამ, უდავოდ განვლო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ის აუცილებელი ეტაპი, რომლის თანახმად, მხოლოდ ხალხს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველო ხელისუფლება. თუმცა ამას, თან ახლავს ამ პროცესის მეორე ეტაპიც. კერძოდ, საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღება იმ არჩევნის შედეგისთვის, რომელსაც აკეთებს თავად ხალხი. ეს მეორე ეტაპი, არანაკლებ რთულია, ვიდრე პირველი.

ამასთან დაკავშირებით, მოგიყვანთ საფრანგეთის მაგალითს, სადაც მიმდინარე წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ასევე ჰპირდებოდნენ ბევრ რამეს ფრანგ ხალხს. მაგალითად, საუბარი იყო ბენზინზე ფასის შემცირებაზე, რომელიც საფრანგეთს, საქართველოს მსგავსად, საკუთარი არა აქვს. სადღეისოდ, როცა ცხადი გახდა ამ და სხვა მსგავსი დანაპირებების არარეალურობა, საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტის მოქმედებას, გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 36% უჭერს მხარს. ანუ, დღეს რომ ჩაეტარებინათ ხელახალი არჩევნები, ხელისუფლების სათავეში ისევ სარკოზის გუნდი მოვიდოდა. და ეს საფრანგეთში, სადაც საქართველოსთან შედარებით, მოსახლეობის კულტურულ-პოლიტიკური დონე უფრო მაღალი, ხოლო არარაციონალური ეგზალტაციის დონე უფრო დაბალია.

 

პროგნოზი:

ქართულმა საზოგადოებამ კოალიციაქართული ოცნებისსახით რას მისცა ხმა? თქვენი პროგნოზით, უახლოს 4 წლის განმავლობაში რა პერიოდის გავლა მოუწევს ქვეყანას?

„ქართული ოცნების“ სახით, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც, მისი აზრით, მთავარ აქცენტს გააკეთებდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და არა შორეულ, არამედ უახლეს პერსპექტივაში. გარდა ამისა, მთავრობის ყურადღების ცენტრში უნდა მოქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანი, და სახელმწიფოს ძირითადი რესურსებიც ამაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. შეგვიძლია ვისაუბროთ სოციალისტური იდეების ერთგვარ აღორძინებაზე, თუმცა, ამომრჩეველთა უდიდესი nawili ნაკლებად აცნობიერებდა ამას.

სამწუხაროდ, ამ უაღრესად მტკივნეულ პროცესს, თან დაერთო „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო დაპირებები, რამაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეგზალტაციის და სასწაულის არარაციონალური მოლოდინის მდგომარეობაში ჩააგდო. ამავე დროს, მოსახლეობა ელოდება ივანიშვილის მთავრობისაგან მყისიერი ზომების მიღებას და თავისი ეკონომიკური მდგომარეობის უმოკლეს ხანებში რადიკალურ გამოსწორებას. ეს კი, პირდაპირი შედეგია იმ დაპირებებისა, რომლებიც ესოდენ მრავლად დარიგდა ხალხში მისივე გუნდის მიერ.

ისტორიული შედარებების კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილის და მისი გუნდის მდგომარეობა მაგონებს კერენსკის და რუსეთის დროებით მთავრობას, რომელთაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველ თვეებში ხალხი ხელის გულზე დაატარებდა. ნახევარი წლის შემდეგ კი კერენსკიმაც და მისი მთავრობის გადარჩენილმა წევრებმაც ძლივს მოახერხეს მათ მიერვე გაბრიყვებული მასებისაგან უცხოეთში თავის დაღწევა... საქართველოში კი, ჩვენი მოსახლეობის ზოგი ფენისთვის დამახასიათებელი მართლმადიდებლურ-მისტიური მენტალიტეტის გათვალისწინებით, ამას, როგორც ჩანს, თან დაერთვება ცრუ წინასწარმეტყველთა მიმართ განსაკუთრებული გაბოროტების გრძნობაც, ყველა აქედან გამომდინარე მწარე შედეგებით...

 

ინტერვიუ მომზადებულია სპეციალურად სააგენტო ,,ნიუპოსტისთვის,,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42