გამოძიების ინფორმაციით, ტიურინმა, თანამზრახველებთან ერთად, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების 100 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.
ტიურინის თანამზრახველები არიან დანაშაულებრივი სქემის სულისჩამდგმელი ისრაელის მოქალაქე გარი შალონი (დეპუტატ შოთა შალალიშვილის შვილი), აშშ-ის მოქალაქე ჯოშუა სამუელ აარონი და ისრაელის მოქალაქე ზივ ორენშტეინი.
გარი შალონს ბრალი წაყენებული აქვს და მისი ექსტრადირება აშშ-ში 2016 წელს განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

ამერიკელი სამართალდამცავების მონაცემებით, ეს არის აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი (ერთეული) ჰაკერული თავდასხმა, რა დროსაც ამ მასშტაბის მონაცემები მოიპარეს. დაზარალებულებს მიადგათ მილიონობით ამერიკული დოლარის ზიანი. დანაშაული ჩადენილია 2012–2015 წლებში.
როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ის მხარის გარდა ტიურინის ექსტრადაციას რუსეთიც ითხოვდა, თუმცა საქართველომ იგი ამერიკელებს გადასცა.
საქართველოს პროკურატურაში "რია ნოვოსტის" განუცხადეს, რომ ტიურინთან ერთად რუსეთის სხვა მოქალაქეები დაკავებულები არ არიან, თუმცა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატის, არკადი ბუკის განცხადებით, საქართველოში შსაძლოა დაკავებული იყოს კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე.
"ნიუპოსტი" კომენტარისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.
"ძებნილი ანდრეი ტიურინის საქართველოში დაკავების შემდეგ აშშ-ის გარდა მისი ექსტრადირება რუსეთმაც მოითხოვა. სასამართლომ დასაშვებად ცნო ტიურინის ექტსრადირება ორივე ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი"- აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება ტიურინთან ერთად კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობას. მთავარი პროკურატურა ამ ფაქტს არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






